“ჰერბიას” დამფუძნებელი ზურაბ ჯანელიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მალფუჭებადი პროდუქციის მოვლა-შენახვის, ტრანსპორტირების და მიტანის საკითხი ჯერ კიდევ არ არის მოწესრიგებული.
მისი თქმით, ლოგისტიკური საკითხების დალაგება, სწრაფი და ხარისხიანი ექსპორტის განსახორციელებლად მნიშვნელოვანია, სხვა შემთხვევაში კომპანიებისთვის ექსპორტიდან შესაბამისი ეფექტის მიღება რთული იქნება.
“წარმატებული ექსპორტის განსახორციელებლად, ლოგისტიკური საკითხების მოგვარება აუცილებელია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია რომ კოპიტნარში სატვირთო გადაზიდვებისთვის ტერმინალი მოწესრიგდეს, ეს კი წარმოების ზრდის საშუალებას მოგვცემს. ჩვენს პროდუქციას ევროპელები იცნობენ და აინტერესებთ კიდეც. რისკებს ტრანსპორტირების საკითხის მოგვარება შეგვიმცირებს და წარმოების ორჯერ გაზრდაზეც ვიფიქრებთ. თუკი დღეს ჩვენ დაახლოებით 1 200 ტონამდე პროდუქციას ვაწარმოებთ და ვყიდით, შესაძლოა ეს რიცხვი 2 500-მდე გავზარდოთ", - განაცხადა ჯანელიძემ.