მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იფანი" თურქ ინვესტორებთან პარტნიორობით, ხის სათამაშობის წარმოებას აამოქმედებს

61cc2a1f174e3
ვიქტორია მღებრიშვილი
29.12.21 13:25
939
ავეჯისა და კარების მწარმოებელი კომპანია „იფანი“, თურქ ინვესტორებთან თანამშრომლობით, 2022 წლიდან ხის სათამაშოების წარმოების ამოქმედებას გეგმავს. ამის შესახებ BM.Ge-ის კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა ზურაბ შუბითიძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ადგილობრივი ნედლეულისგან სათამაშოების ხაზის წარმოება 2022 წლიდან დაიწყება, რომლის საინვესტიციო ღირებულება 2 მლნ დოლარამდე იქნება.

„საქართველოში სათამაშოების წარმოებისთვის ნედლეული დიდი რაოდენობით არის, ამიტომ  2022 წლიდან ეკოლოგიურად სუფთა წიფლის ხისგან ხის სათამაშოების წარმოების ამოქმედება გვინდა. ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები თურქ ინვესტორებთან მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც ევროკავშირი-საქართველო-თურქეთს შორის დიაგონალური კუმულაციის შეთანხმება ამოქმედდა, თურქი ბიზნესმენებისთვის საქართველოში წარმოების წამოწყება და შემდგომში აქედან ევროკავშირის ქვეყნებში პროდუქტის გატანა, ხელსაყრელი გახდა. შესაბამისად, ისინი ჩვენთან თანამშრომლობით დაინტერესებულები არიან.

დღეისთვის ჩვენი კომპანია ყველა დანადგარით არის აღჭურვილი და მცირე თანხების მობილიზება იქნება საჭირო, რათა ახალი ხაზი სრულად გავმართოთ“, - განაცხადა „იფანის“ დამფუძნებელმა.

მისივე ინფორმაციით, ხის სათამაშოების ახალი ხაზის სიმძლავრეები ჯერ ცნობილი არ არის და ეს საკითხი თურქ პარტნიორებთან განიხილება. რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, ზურაბ შუბითიძე აღნიშნავს: „ჩვენი პოტენციური პარტნიორები ევროკავშირის ბაზრებზე არიან ორიენტირებულები - დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ხოლო ჩვენი სურვილია, რომ ჩვენს საწარმოში დამზადებული სათამაშოები აშშ-შიც გავიტანოთ. წარმოების ამოქმედებით სამუშაო ადგილების რაოდენობა მინიმუმ გაორმაგდება“.

ცნობისთვის: „იფანი“ ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს კარისა და ავეჯის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. კომპანია 35-მდე ადამიანს ასაქმებს და ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტული ფასებითა და მაღალი ხარისხით გამოირჩევა. აღსანიშნია, რომ „იფანი“ „საქართველოს ბანკისა“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის თანამშრომლობით მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტში იყო ჩართული, რომლის ფარგლებში კომპანიებმა დარგის ექსპერტებისგან ისეთ საკითხებზე მიიღეს კონსულტაციები, როგორიცაა: ფინანსების მოზიდვა და ანალიტიკა, ახალი გაყიდვების არხების განსაზღვრა და სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები