მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იმერეთის აგროზონა" 20 ჰა ტერიტორიის გასხვისებას გეგმავს

629f486acfbe6
მარიამ ვარადაშვილი
11.06.22 18:00
1506

“იმერეთის აგროზონის” სასათბურე მეურნეობების კლასტერში 20 ჰა ტერიტორიის ყიდვა სამ კომპანიას სურს, რომელთანაც ხელშეკრულების გაფორმებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ BMG-ის სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელმა არჩილ ბუკიამ განუცხადა.

“ამ ეტაპზე სამი დაინტერესებული ინვესტორი გვყავს, რომელთაც სურთ ადგილზე სათბურები ააშენონ. ხელშეკრულებები უკვე გავუგზავნეთ და მათგან საინვესტიციო გეგმის წარმოდგენას ველოდებით. ერთთვიანი ვადა აქვთ მიცემული დამატებითი ინფორმაციის წარმოსადგენად, რათა ხელშეკრულება გავაფორმოთ. სწორედ ხელშეკრულებაში გაიწერება,  რა ვადაში უნდა შეასრულონ საინვესტიციო გეგმა. ხელშეკრულებაში ასევე გაიწერება, ინფრასტრუქტურის მოწყობის კუთხით, ჩვენ რა ვადაში უნდა შევასრულოთ ვალდებულებები”, - ამბობს ბუკია. 

“იმერეთის აგროზონის” დირექტორის თქმითვე, პროექტის პირველი ფაზით, რაც 2022-2023 წლებს მოიცავს, გათვალისწინებულია 32 ჰა მიწის გაყიდვა. დამატებითი ტერიტორიების გასხვისების მიზნით, განაცხადების მიღება სექტემბერში განახლდება.  

არჩილ ბუკიას ინფორმაციითვე, სამივე კომპანია ქართულია, თუმცა ხელშეკრულების გაფორმებამდე ამ კომპანიების დასახელებაზე უარს ამბობს.

“ვფიქრობთ, ამ კომპანიებს 20-30 მლნ ევროს ღირებულების ვალდებულებების აღება მოუწევთ. ერთ-ერთ კომპანიას უცხოელ პარტნიორებთან ერთად ვარდების მოყვანა სურს, მეორეს - ბოსტნეულის სათბურის გაკეთება. ეს 20 ჰა ბაღდათის მუნიციპალიტეტში ჩვენს საკუთრებაში არსებული 60 ჰა ტერიტორიიდან გასხვისდება. ვიმედოვნებთ, ხელს არაფერი შეგვიშლის და სამივე ხელშეკრულება სექტემბრამდე გაფორმდება. მოგეხსენებათ, ეს ტერიტორია გასაყიდად გარკვეული პირობებით გამოვიტანეთ. ვალდებულნი ვართ, ადგილზე ინფრასტრუქტურა მოვაწყოთ, რაც გულისხმობს მისასვლელი გზის მოწყობას, ელექტროენერგიის გაყვანას, გაზმომარაგებას, სასმელი და სარწყავი სისტემის მოწყობას”, - აცხადებს ბუკია. 

„იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტი გულისხმობს შემდეგს: კომპანია არსებულ მიწის ნაკვეთებზე, განავითარებს სასათბურე მეურნეობებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას, როგორებიცაა: შიდა და გარე გზები, ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის წყაროების მიყვანა აღნიშნულ ტერიტორიებამდე, სარწყავი და სადრენაჟე სისტემების მოწყობა და ასე შემდეგ.

პროექტის თანახმად, გათვალისწინებულია, რომ ამ ინფრასტრუქტურის შექმნა დააინტერესებს კერძო ინვესტორებს და ისინი  სასათბურე მეურნეობებში ინვესტიციებს განახორცილებენ.

„იმერეთის აგროზონა“ - როგორ აპირებს მთავრობა წყალტუბოში €150 მილიონის მოზიდვას?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები