მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იმერი": შემოსავლები 60%-70%-ით შემცირდა... გადარჩენისთვის ვმუშაობთ

5fbb7a59853c4
ინგა მურუსიძე
24.11.20 09:00
877
ქუთაისში მდებარე სამკერვალო „იმერი“, რომელიც 500-მდე ადამიანს ასაქმებს, პანდემიამ არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა. კომპანია, რომელიც 1997 წლიდან თანამშრომლობს გერმანულ „ლებეკთან“ (Lebek) და ამ დრომდე მის ერთ-ერთ უმსხვილეს და უმთავრეს პარტნიორად ითვლება, bm.ge-ის უყვება, რომ covid-19-ით გამოწვეულმა კრიზისმა პრობლემები შექმნა, რაც ძირითადად, შემცირებული მოთხოვნით აიხსნება.

"გასული წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს შემოსავლებმა 60-70%-ით იკლო, რაც  შემცირებულ მოთხოვნას უკავშირდება. ტანსაცმელს უკვე ნაკლებად ყიდულობენ“, - განაცხადა bm.ge-ისთან სამკერვალო საწარმოს დირექტორმა მაია სიმონიძემ და დასძინა, რომ მოთხოვნა შემცირდა მთავარი პარტნიორის მხრიდანაც, რადგან უკვე თავადაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან.

"პანდემია ჩვენზე ძალიან ცუდად აისახა. რთულად მიდის სამუშაო პროცესი. უცხოელ პარტნიორებს, ვისთანაც ვმუშაობთ, პრობლემები შეექმნათ, დაკვეთები მათაც ცოტა აქვთ; დაბალფასიანი შეკვეთები გვაქვს და ამის გამო საკმაოდ შემცირებულია შემოსავლები. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, "იმერმა“ სცადა, ადგილობრივ ბაზარზე გადართულიყო და ვკერავთ როგორც სამედიცინო ხალათებს, ისე კომბინიზონებს, თუმცა ეს დიდ შემოსავალს არ იძლევა. ვცდილობთ, თავი გადავირჩინოთ და გადავიტანოთ ეს პერიოდი, რომ პანდემიის დამთავრებისთანავე  ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს“, - განაცხადა მაია სიმონიძემ.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც სამკერვალო საწარმოს პანდემიამ შეუქმნა, საერთაშორისო ბრენდებთან თითქმის ფინალში გასული მოლაპარაკებების დაპაუზებაა. „იმერში" აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები ჰქონდათ და დაგეგმილი იყო ხელშეკრულებების გაფორმება ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან, როგორიცაა Moncler-ი და Marks & Spencer-ი, მაგრამ ამ დროისთვის ორივე ჩაიშალა.

„ახლა ყველაფერი დამოკიდებულია საერთაშორისო ბრენდების ფინანსურ მდგომარეობაზე. ყველა თავისი თავის გადარჩენისთვის იბრძვის; მთავარია გადარჩნენ. იმედია, ჩვენც გამოვალთ ამ სიტუაციიდან და გაზაფხულიდან ახალი შეკვეთებიც იქნება და ახალი ხელშეკრულებებიც", - ამბობს სიმონიძე.

საწარმოს დირექტორი აღნიშნავს, რომ კორონაპანდემიის გამო თანამშრომლების სამსახურიდან გაშვება საჭირო არ გამხდარა, თუმცა ხელფასები შეუმცირეს. „რამდენიმე ხნის წინ საწარმოში თანამშრომლების ნაწილს ვირუსი ჰქონდა, ამიტომ მოგვიწია დროებით კარანტინში გადასვლა. 10 დღით შევწყვიტეთ მუშაობა და შემდეგ ისევ დავბრუნდით. ხელფასები შევამცირეთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ სიტუაცია შეიცვლება და შემოსავლებიც მოიმატებს“, - განაცხადა სიმონიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები