"ეს შეღავათი პრინციპულად არამიზანშეწონილი შეღავათია" - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა ივანე მაჭავრიანმა ჟურნალისტების მიერ ბიზნესის მხრიდან დღგ-ის გადასახადის სტრუქტურის ცვლილების მოთხოვნის შესახებ დასმულ შეკითხვას.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ბიზნესს მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინა სხვადასხვა გადასახადების კუთხით, იქნებოდა ეს საშემოსავლო თუ ქონების გადასახადები, და ასევე სუბსიდირების საკითხები. მისი თქმით, იმპორტის შემთხვევაში დღგ-ის სტრუქტურის ცვლილება „ფუნდამენტურად არასწორია“.
„რაც შეეხება დღგ-ს განსაკუთრებით იმპორტიორებთან დაკავშირებით, გახსოვთ, რომ 2019 წელს გავაუქმეთ ე.წ. ოქროს სია, როდესაც ყველა კომპანიას გადასახადების გადახდა იმპორტირებისას მოთხოვეთ.
ეს ძალიან რისკიანი გზაა. ის აჩენს ხვრელებს. მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას ეს პრაქტიკა არ აქვს, შესაბამისად იმპორტის შემთხვევაში დღგ-ს გადავადება არ იგეგმება, ჩვენ გვაქვს სხვა ინსტრუმენტები რომ დავეხმაროთ ბიზნესს და არა ისეთი, რომ გავაჩინოთ ხვრელები, რომელიც სამომავლოდ ისე ფართოვდება რომ ვერანაირ კონტროლს ვერ ექვემდებარება. ეს პრინციპული და კონცეპტუალური საკითხია, რომელიც არაერთხელ გავიარეთ ბიზნესთან. ეს არ არის ის, რომ ჩვენ არ გვინდა, ან გვენანება დახმარება, უბრალოდ ეს ფუნდამენტურად არასწორია", - განაცხადა მაჭავარიანმა.