მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინვესტიცია პირველ რიგში ადამიანურ რესურსებში გვჭირდება, ვიდრე ტექნოლოგიებში"

60966dac6eee9
ვიქტორია მღებრიშვილი
09.05.21 16:55
1330
ფერმერული მეურნეობა „აგროქიზიყისა“ და კომპანია „წერტის“ დამფუძნებლის ბექა გონაშვილის შეფასებით, პანდემიას სოფლის მეურნეობის მიმართულებით განსაკუთრებული პრობლემები არ შეუქმნია, რადგან ამ პერიოდში მოთხოვნა მიწოდების ჯაჭვი განსაკუთრებით გააქტიურდა და ახალი მომსახურებები გაჩნდა.

ის ამბობს, რომ სოფლის მეურნეობაში არსებული პრობლემები დღეს მცირედით გამოსწორებულია, თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. ამ საკითხებზე ფერმერმა BMG Drive-ში ისაუბრა.

ფერმერი და მეწარმე სოფლის მეურნეობაში უმთავრეს გამოწვევად კვალიფიციურ კადრებს ასახელებს. ბექა გონაშვილი ამბობს, რომ სამუშაო უპირველეს ყოვლისა ამ მიმართულებით გვაქვს.

სოფლის მეურნეობაში, წარმოების ნაწილში სხვადასხვა სახის პრობლემები გვაქვს, ეს იქნება პროდუქტიულობა თუ სხვა, ზოგადად რა ტკივილებიც აქვს სოფლის მეურნეობას. ვფიქრობ, ეს პრობლემები გასულ წლებთან შედარებით გამოსწორებულია და ამის საბოლოო გამოსწორებას დრო და ინვესტიცია სჭირდება. ინვესტიცია პირველ რიგში უნარებსა და ადამიანურ რესურსებში, ვიდრე ინვესტიცია ახალ ტექნოლოგიებში. ტექნოლოგიას თუ არავინ დახვდება, ვინც მის მართვას შეძლებს, ის ინვესტიცია წყალში გადაყრილი ფულია, ამიტომ ჩვენ რეალურად სამუშაო ძალაზე უფრო გვაქვს პრობლემა, ვიდრე ინვესტიციაზე.

ფულად რესურსებზე ხელმისაწვდომობა დღეს საქართველოში დიდ პრობლემად არ მიმაჩნია, რადგან ბანკებსაც აქვთ ფული და უნდათ რომ გასცენ, მაგრამ კომპეტენტური ხალხი არ არის“, - ამბობს ბექა გონაშვილი.

„აგროქიზიყის“ დამფუძნებელი ადამიანური რესურსისა და უნარების განვითარების საჭიროებას სხვა მიმართულებითაც ხედავს. ის აცხადებს, რომ საქართველოში ადამიანებს კოოპერაციული, ერთობლივი მუშაობა არ შეუძლიათ, რაც დიდ პრობლემას წარმოადგენს და წარმოების პროცესს აფერხებს.

„ის, რომ მიწები დაფრაგმენტებულია და ამის გაერთიანებას ვერ ვახერხებთ, ეს პრობლემაც ადამიანურ ფაქტორებზე გადის, რადგან დღეს საქართველოში ადამიანებს კოოპერაცია, ანუ ერთად მუშაობა არ შეუძლიათ. მაგალითად მე, შენ და 10 კაცს გვყვავს ფუტკარი და რეალიზაცია გვინდა მოვახდინოთ, რომ მოგება დაგვრჩეს. ამას ერთი მოთავე ადამიანი უნდა, რომ პოზიციონირება ერთობლივი სახელით შევძლოთ, მომხმარებლისთვისაც უწყვეტი მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია. ვიდრე ვთქვათ, რომ მე 2 თვე თაფლი მექნება და მერე აღარ. ბევრი რაღაცის მოფიქრება შეიძლება, თუ ადამიანები ერთად აზროვნებას შეძლებენ. ევროპა და იქაური სოფლის მეურნეობა რომ მოგვწონს, იქ ვერ ნახავთ ფერმერს, ვისაც თავისი პროდუქტი აქვს გამოტანილი და ყიდის. იქ შექმნილია კოოპერატივები, რომელსაც 35-40 ათასი წევრი ჰყავს და ეს კოოპერაცია წლებს ითვლის.

ჩვენთან კოოპერაციას 9 კაცი ქმნის, იმისთვის, რომ ტრაქტორი მიიღოს, ცოტა ხანში ეს კოოპერაცია დაიშალოს და ტრაქტორი მათ დარჩეთ, რაც არასწორია. მიდგომა და დამოკიდებულებაა არასწორი“, - აცხადებს ფერმერი.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები