მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯეონატურალსმა“ დაკონსერვებული "სადილის“ წარმოება გაზარდა - სად იყიდება პროდუქტი?

63aab19c7d66c
ვიქტორია მღებრიშვილი
02.01.23 14:00
1772
მზა „სადილის“ მწარმოებელი კომპანია „ჯეონატურალსმა“ წარმადობა 20%-ით გაზარდა და 2022 წელს ადგილობრივ მომხმარებელს დამატებით 8 დასახელების დაკონსერვებული „სადილი“ შესთავაზა.

შედეგად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში 2016 წლიდან მოქმედი საწარმოს წარმადობა 500 000 ქილა კონსერვამდე გაიზარდა.

როგორც „ჯეონატურალსის“ მარკეტინგის კონსულტანტი ამირან კალანდია BM.GE-სთან ამბობს, წარმოების ზრდისთვის კომპანიამ გარკვეული ფინანსური რესურსი ჩადო, თუმცა ინვესტიციის დაკონკრეტებისგან თავს იკავებენ.

„Geonaturals-მა მიმდინარე წელს პროდუქტების ასორტიმენტი გაზარდა და დღეს მომხმარებელს უკვე 20-მდე დასახელების დაკონსერვებულ „სადილს“ ვთავაზობთ. ძირითადად, ქართული ტრადიციული ხაზის კერძები დავამატეთ, როგორიცაა საცივი, ჩახოხბილი, ხარჩო მეგრულად, ტოლმა ვაზის ფოთოლში, ლობიო კახურად, ასევე შევინარჩუნეთ ძველი პროდუქტების ჩამონათვალიც“, - ამბობს ამირან კალანდია და დასძენს, რომ წარმადობის მატებამ თანამშრომლების რაოდენობა 20-ით გაზარდა.

მისივე ინფორმაციით, დღეს „სადილი“ ქვეყანაში მოქმედ თითქმის ყველა ქსელურ სუპერმარკეტში იყიდება და რეგიონის მასშტაბით უბნის მარკეტებშიც შედის. „ჯეონატურალსის“ მარკეტინგის კონსულტანტი იმასაც აღნიშნავს, რომ ქვეყანასა და მსოფლიოში არსებულმა ინფლაციამ მათ წარმოებაზეც იქონია გავლენა და ხარჯები გაზარდა.

„ფასის ცვლილება მოგვიწია, მაგრამ ვეცადეთ, გაზრდილი ხარჯების პროპორციული არ ყოფილიყო. შესაბამისად, თუ საწარმოო ხარჯი 20-30%-ით გაგვეზარდა, საბოლოო პროდუქტის 10-15%-ით გაძვირება მოგვიწია“, - აღნიშნა ამირან კალანდიამ.

ცნობისთვის: 2016 წლიდან დღემდე „ჯეონატურალსმა“ დედოფლისწყაროში საწარმოს ამოქმედებასა და განვითარებაში ჯამში 5 მლნ ლარის ინვესტიცია ჩადო. აღსანიშნია, რომ „სადილის“ პროდუქტებით ქართული ჯარიც მარაგდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები