მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Kass Land-ს 30 000-ზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა“ - რა სტიმული მისცა კანიონმა ადგილობრივ ბიზნესს

62d646356a80a
გვანცა სანაია
19.07.22 10:41
2775
ქვემო ქართლის ახალი სავიზიტო ბარათი და სტიმული ადგილობრივი ბიზნესისთვის - ერთ თვეზე მეტია წალკის მუნიციპალიტეტში სოფელ დაშბაშში, დაცულ ტერიტორიაზე ისრაელური კომპანია Kass Group-ის ინვესტიციით „კასს ლენდი“ გაიხსნა და ეკოტურისტულ სივრცეს უკვე 30 000-ზე მეტი მნახველი ჰყავდა.

როგორც კომპანიაში BM.GE-ს განუცხადეს, ვიზიტორების უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეები არიან. Kass Group-ის მენეჯმენტის ინფორმაციითვე, სტუმრები ჰყავთ Kass Dimond Resort-ის ვილებშიც, რომლის ფასი ორ ადამიანზე $150-ია და ღირებულება საუზმეს არ მოიცავს.

„გახსნის დღიდან ობიექტს 30 000-ზე მეტი ადამიანი ესტუმრა. ამ ეტაპზე ვიზიტორებს შორის საქართველოს მოქალაქე უფრო მეტია, ვიდრე - უცხოელი ტურისტი. პროცენტული გადანაწილებით - 60%/40%-ზე. მოდიან როგორც ინდივიდუალურად, ასევე - ჯგუფებად. კანიონს ბევრი ადამიანი სტუმრობს და კარგი იქნება, მსურველებმა ბილეთები წინასწარ შეიძინონ, რათა რიგში დგომა თავიდან აიცილონ“, - განუცხადეს BM.GE-ს „კასს ლენდის“ საინფორმაციო სამსახურში.

აღსანიშნია, რომ ახალი ტურისტული ობიექტის გახსნის შემდეგ რეგიონის მიმართ გაზრდილმა ინტერესმა ადგილობრივებს ბიზნესის დაწყებისკენ უბიძგა და მოსახლეობამ საოჯახო ტიპის სასტუმროების და კვების ობიექტების ამოქმედებაზე დაიწყო ფიქრი. ნაწილს ასეთი ობიექტები უკვე ჰქონდა, თუმცა წალკის კანიონის პროექტი, როგორც BM.GE-სთან ამბობენ, გაფართოებისთვის ერთგვარი სტიმული აღმოჩნდა - მათ შორისაა საოჯახო სასტუმრო "ლილეოც“.



როგორც სასტუმროს მფლობელმა თეკლე მერლანმა BM.GE-ს განუცხადა, დაახლოებით, ერთ თვეში „ლილეო“ სტუმრებს ახალ სივრცეში მიიღებს. ინვესტიციის მოცულობა 200 000 ლარია. საოჯახო სასტუმროს მფლობელი გვიყვება, რომ საჭირო ფინანსების 50% ორგანიზაცია CENN-ის პროექტის - „ეს წალკაა“ - ფარგლებში მოიძეს. „ეს პროექტი ძალიან დაგვეხმარა და ღირებული წვლილი შეიტანა სასტუმროს მშენებლობაში“, - აცხადებს BM.GE-სთან „ლილეო“ მფლობელი თეკლე მერლანი და სამომავლო გეგმებს გვიზიარებს.

„მას შემდეგ, რაც წალკის კანიონის პროექტი განხორციელდა, ვიზიტორების რიცხვი საკმაოდ გაიზარდა და ჩვენც გვსურს სტუმრებს მეტად კომფორტული გარემო და სერვისი შევთავაზოთ. სასტუმროს გახსნას კიდევ ერთი თვე დასჭირდება. გვექნება შვიდი ნომერი, მათ შორის ლუქსი, რომელიც მისაღებ ოთახს, სამზარეულოსა და საძინებელს აერთიანებს, სტუმრები ვიტრაჟული ხედებითაც ისიამოვნებენ. ადგილზე გვაქვს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები, რომელსაც სასტუმროს მენიუში შევიტანთ; ფასები ვიზიტორებზე იქნება მორგებული; ერთდღიანი ტურისტების გარდა, დიდი მოთხოვნაა ხანგრძლივ დასვენებაზე, ასეთ შემთხვევაში ღირებულება განსხვავებული იქნება. ნომრის ფასი, ძირითადად, 100 ლარს არ აღემატება და საშუალოდ, ერთი პერსონისთვის 30-50 ლარის ფარგლებში იქნება, რომელშიც საუზმეც შედის", - გვიყვება თეკლე მერლანი.

ერთ თვეში გეგმავს წალკაში ჩასული ვიზიტორების მიღებას კაფე "ჩერი", რომლის გახსნის იდეაც სუბელიანების ოჯახს კანიონის პროექტის ამუშავების შემდეგ გაუჩნდა.



"წალკის მუნიციპალიტეტის განვითარებამ და დაშბაშის კანიონის სახით, ახალმა პროექტმა რაიონში ვიზიტორების რიცხვის გაზრდა გამოიწვია; სიახლის სურვილი ჩვენც გვქონდა და ამ ფაქტორმა მნიშვნელოვნად წაგვახალისა, ამიტომ ჩემი ოჯახის ინიციატივით, ერთ სივრცეში ვგეგმავთ სანაყინისა და კაფის გახსნას. ნაყინის რამდენიმე სახეობასთან ერთად, მომხმარებელს საკონდიტრო ნაწარმსაც შევთავაზებთ. კაფეში ამ დრომდე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და გახსნას, დაახლოებით, ერთ თვეში ვგეგმავთ“, - განაცხადა BM.GE-სთან კაფის „ჩერი“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სოფო სუბელიანმა.

წალკის კანიონის ამოქმედების პირველადი ეკონომიკური ეფექტის მოკითხვისას BM.GE წალკის მერსაც ესაუბრა. ილია საბაძეც გვიდასტურებს, რომ ტურისტული ობიექტის გახსნის შემდეგ მუნიციპალიტეტში ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია.

„ეკოტურისტული სივრცის გახსნის დღიდან მუნიციპალიტეტში ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია, განსაკუთრებით უქმე დღეებში. კანიონის გარდა, წალკაში არსებობს სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილებიც და ბუნებრივია, მობილობის გაზრდა პოზიტიურად აისახა შიდა ტურიზმზეც“, - აცხადებს წალკის მერი.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები