კონკურენციის სააგენტომ იტალიურ კომპანია „დემაკლენკოს“, განაცხადის საფუძველზე მოკვლევის დაწყებაზე უარი უთხრა. საჩივარი „ემ თი ეი“-ს მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტს ეხებოდა, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკურენციის შესაძლო შეზღუდვას გულისხმობს, თუმცა სააგენტოში აცხადებენ, რომ საკითხის მოკვლევაზე უარი კანონმდებლობის მიხედვით იმ შემთხვევაში ხდება თუ დავა სასამართლო წარმოებაში იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე მიმდინარეობს.
„გასაგებია, რატომ მოიქცა კონკურენციის სააგენტო ასე. აქ საუბარია მთავრობის აქტის ბათილად ცნობასა და 11 მლნ ლარის ანაზღაურებაზეა. ამ პროცესში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებიც მონაწილეობენ და კონკურენციის სააგენტოს ეს გადაწყვეტილება არასწორი გავლენების შედეგია“, - ასე აფასებს მარეგულირებლის ამ გადაწყვეტილებას იტალიური კომპანია „დემაკლენკოს“ უფლებადამცველი და ადვოკატი კახა კოჟორიძე.
მისი განცხადებით, კონკურენციის სააგენტოს მხრიდან, ეს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების არშესრულებაა, რასაც უფლებადამცველი ცალსახად არ ეთანხმება, რადგან სასამართლოში დავა კომპანიისთვის ზარალი ანაზღაურების საკითხს ეხება, სააგენტოს კი კონკურენციის პირობები დარღვევის ფაქტი უნდა მოეკვლია.
„მარეგულირებლის არგუმენტი ის არის, რომ იგივე საკითხი სასამართლოში იხილება და ისინი ვერ შეაფასებენ. ჩვენ კონკურენციის სააგენტოს წერილობით მივმართეთ და ავუხსენით, რომ საკითხი ერთი და იგივეა და ორივე ეხება სახელმწიფო შესყიდვაში „დემაკლენკოს“ მონაწილეობის საკითხს, მაგრამ აქ მთავარია, მოთხოვნა - რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ და რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს კონკურენციის სააგენტომ.
ჩვენ სასამართლოში ვითხოვთ შესყიდვის აქტის ბათილად ცნობას და ზიანის ანაზღაურებას, კონკურენციის სააგენტოსგან კი ვითხოვთ დაადგინოს, დაირღვა თუ არა შესყიდვის პროცესში კონკურენციის პირობები. ამ ლოგიკით რასაც კონკურენციის სააგენტო მიჰყვება, თუ სასამართლოში უფლებადარღვეული პირი წავა, კონკურენციის სააგენტო ჩერდება და არაფერს აკეთებს.
იმ შემთხვევაში თუ კონკურენციის სააგენტო დადებდა დასკვნას, რომ კონკურენციის წესები დაირღვა, ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩვენი მოთხოვნა ამის საფუძველზე დაკმაყოფილდებოდა, მაგრამ სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი გარემოება იქნებოდა, რომ სხვა სახელმწიფო ორგანომ ამ საკითხზე ამგვარი დასკვნა დადო. ეს მათი შესაფასებელი საკითხია. ასეთი პრაქტიკა სახელმწიფო უწყებას თამაშგარე მდგომარეობაში ტოვებს", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
მისი თქმით, კომპანიას სამართლებრივად კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და საკითხის მოკვლების დავალების უფლება აქვს, თუმცა კომპანიაში საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. რაც შეეხება საქალაქო სასამართლოში დავას, „დემაკლენკომ სარჩელი შეიტანა და პროცესის ჩანიშვნას ელის.
შეგახსენებთ, რომ იტალიურმა კომპანია Demaclenko-მ საქართველოს მთავრობისა და სახელმწიფო კომპანია "ემ თი ეის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას მიმდინარე წელს დაიწყო. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა სახელმწიფო კომპანია "ემ თი ეიმ" ბაკურიანის გათოვლიანების სისტემის მონტაჟის შესახებ 90.5-მილიონიანი კონტრაქტი, სავარაუდოდ, კორუფციული სქემებით გააფორმა, რასაც ტენდერში მათი წინადადების დისკვალიფიკაცია მოყვა. კომპანია მიიჩნევს, რომ ტენდერის პირობები მორგებული იყო კომპანია TechnoAlpin-ზე, რომელთანაც საბოლოოდ ხელშეკრულება გაფორმდა. კომპანიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანასა და შპს „ემ თი ეი“- სა და საქართველოს მთავრობას ზიანის ანაზღაურების სახით 11 699 870 ლარის გადახდის მოთხოვნასთან ერთად, წერილობითი განცხადებით სახელმწიფო კონკურენციის სააგენტოსაც მიმართა.