მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კოოპერატივების წარმატებისთვის ყველაფერი გაკეთდა...უბრალოდ, რაღაც ეტაპის შემდეგ ყველა კანონს სჭირდება გადახედვა"

61ee88e7acce7
სალომე მეცხვარიშვილი
24.01.22 21:09
971
კოოპერატივების სქემა რომ წარმატებული ყოფილიყო, ამისთვის ყველაფერი გაკეთდა - ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი ნინო წილასანი აცხადებს. “სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ” კანონთან და დოკუმენტში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით მან გადაცემა “საქმიან დილაში” ისაუბრა.

როგორც ცნობილია, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი “სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ” კანონში ცვლილებებს ამზადებს. ეს მას შემდეგ, რაც კომიტეტმა კანონის გავლენა შეისწავლა და არაერთი ხარვეზი და დაბრკოლება აღმოაჩინა, რომელიც მათივე შეფასებით ხელს უშლის კოოპერატივების განვითარებას.

ერთი მხრივ, კომიტეტი თავადვე აღიარებს, რომ “კანონი თავის მიზანს ვერ ასრულებს”. მეორე მხრივ, ნინო წილოსანი არ აკონკრეტებს, ვისი პასუხისმგებლობაა, რომ 8 წლის განმავლობაში კოოპერატივების ხელშეწყობისთვის სახელმწიფომ 31 მილიონი ლარი დახარჯა და მიზნის მიღწევა ვერ მოხერხდა.

მთავრობისა და პარლამენტის პასუხისმგებლობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ წილოსანი ამბობს:

“კოოპერატივების სქემა რომ წარმატებული ყოფილიყო, ამისთვის ყველაფერი გაკეთდა. საერთოდ, როცა ახალ საკითხზე მუშაობას იწყებ/ ნერგავ და როცა ამ საკითხთან ისტორიულად მძიმე განწყობებია ასოცირებული ქვეყანაში, არსებობს რისკები, რომ შენი მცდელობები არ იყოს მაღალეფექტური.

ის, რომ კოოპერატივების საკითხის დამუშავება დავიწყეთ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გადმოღებით, ევროკავშირის პროგრამების დახმარებით, უცხოელი ექსპერტების ჩართულობით და ადგილობრივი ორგანიზაციების ჩართულობით, ამას უნდა გადაეზღვია ყველა რისკი.

რა თქმა უნდა ყველა საკანონდებლო ცვლილება საჭიროებს რაღაც ეტაპის შემდეგ გადახედვას და სწორედ ამ პროცესს გავდივართ ახლა”,- აცხადებს ნინო წილოსანი.

რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, მისი თქმით, უნდა არსებობდეს გაზომვადი ინდიკატორები, რომელიც პროგრამისა და კოოპერატივის ეფექტიანობას განსაზღვრავს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ ვიქნებით კონცენტრირებული სწორ შედეგზე.

“აქცენტი უნდა გაკეთდეს კოოპერატივების მდგრად განვითარებასა და ინფორმაირებულობაზე. ხშირ შემთხვევაში გვაქვს ხოლმე სურვილი, რომ პირდაპირ გადმოვაკოპიროთ კარგი საერთაშორისო პრაქტიკა, მაგალითად: ნიდერლანდებში ათი ათასობით ადამიანი ერთიანდება ერთ კოოპერატივში, ჩვენს შემთხვევაში ამას პირდაპირ ვერ გადმოვიღებთ. ჩვენი მიზანია, რომ გავაკეთოთ აქცენტი მცირე, მაგრამ გააზრებულად შეკრებილ ადამიანებზე”,- აცხადებს ნინო წილოსანი.

რა შედეგი მოიტანა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამ, მიაღწია თუ არა დასახულ მიზნებს და თუ ვერ მიაღწია, რა გარემოებებმა შეუშალა ხელი - აღნიშნული კვლევა პარლამენტის აგრარულმა კომიტეტმა საერთაშორისო პარტნიორენთან ერთად ჩაატარა. გამოკვეთილია ძირითადი პრობლემები და შემოთავაზებულია გადაჭრის გზებიც.

ინფორმაციისა და ცოდნის ნაკლებობა კოოპერატივების განვითარების ერთერთ შემაფერხებელ ფაქტორად სახელდება. დასკვნაში ასევე საუბარია ბიუროკრატიულ ბარიერებზე - როგორც შექმნის, ასევე შემდგომ ეტაპზე, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის სირთულეებზე, ასევე, დაუბალანსებელ საკანონმდებლო რეგულირებაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები