მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კუმისის“ დამფუძნებელი: მეფრინველეობის ფაბრიკები ზარალზე მუშაობენ

5f817bbf2211b
ვიქტორია მღებრიშვილი
10.10.20 16:33
1946
კვერცხის მწარმოებელი კომპანია „კუმისის“ დამფუძნებლის და საქართველოს მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელის ზურაბ უჩუმბეგაშვილის განცხადებით, მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის მიმართვაზე პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციიდან არავინ შეხმიანებიათ. საქმე იმაშია, რომ ასოციაციამ პრემიერსა და სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვედრის თხოვნით მიმდინარე წლის 30 ივლისს მიმართა, თუმცა როგორც თავად ამბობს, 2 თვის შემდეგაც პრემიერის აპარატიდან უკუკავშირი არ მიუღიათ. 

„მეფრინველეობის მიმართულებით მდგომარეობა კატასტროფიულია“, - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი BM.GE-ისთან საუბრისას და იმ პრობლემებს ასახელებს, რომელიც დღეს სექტორში არსებობს:

• იმპორტირებული ხორბლის ფასი და კომპანიის გაზრდილი ხარჯები;
• ადგილობრივ - მცირე წარმოებებთან არასამართლიანი კონკურენციის პირობებში ოპერირება;
• იმპორტირებული კვერცხის და ქათმის პროდუქტების არათანაბარ პირობებში ყოფნა.

„სექტორი მთლიანად დამოკიდებულია რუსეთის ხორბალზე, წელს კი მოსავლიანობა ძალიან ცუდია, რის გამოც ხორბალზე ფასი გაზრდილია. მეფრინველეობის ყველა ფაბრიკა დღეს ზარალზე მუშაობს. ჩვენ შეგვიძლია, რომ პროდუქტის ფასი გავზარდოთ, მაგრამ ეს რეალიზაციას ამცირებს. ამასთან, პატარა არაბრენდული საწარმოები დღგ-ს არ იხდიან, ხოლო დიდი წარმოებები ყველა გადასახადს იხდის, ამიტომ კონკურენციას ვეღარ ვუწევთ პატარა წარმოებებს. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ მცირე წარმოებების განვითარებას ხელი უნდა შეუწყოს, მაგრამ ეს დიდი ბიზნესის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. გვაწუხებს, ასევე, არასამართლიანი იმპორტიც - მაგალითად, კვერცხის შემთხვევაში. საქართველოში კვერცხის 60-65 წარმოება მოქმედებს და ჩვენ იმპორტი არაფერში გვჭირდება, მაგრამ პრობლემებს გვიქმნის ის, რომ თურქეთი იცავს თავის ბაზარს იმპორტისგან და იქ მაღალი გადასახადებია, საქართველოში კი - არა", - განმარტავს „კუმისის“ დამფუძნებელი.

მეფრინველეობის სექტორის წარმომადგენლები პრემიერს პრობლემების გადაწყვეტის გზებსაც სთავაზობდნენ.

„პანდემიიდან გამომდინარე, ვინაიდან ყველაფერი გაგვიძვირდა, ვითხოვდით დღგ-ის დროებით გაუქმებას. მეორე საკითხი - კვერცხის იმპორტთან მიმართებაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენცია არ ჰყოფნის და საჭიროა ფინანსთა სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს ჩართულობა, რათა კანონმდებლობა გამოსწორდეს, როგორც ეს სომხეთსა და თურქეთშია“, - განმარტა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები