ლევან დავითაშვილი ლიეტუვის ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ხელი მოეწერა ოქმს, სადაც ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები აისახა.
"ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ლიეტუვის ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრმა აუშრინე არმონაიტემ, ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის თანათავმჯდომარეების რანგში, კომისიის რიგით მესამე სხდომის ოქმს ხელი მოაწერეს. ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის განცხადებით, ლიეტუვასთან მთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის სხდომა ბოლო 7 წლის განმავლობაში პირველად გაიმართა, და ის წარმატებით დასრულდა.
საქართველოსა და ლიეტუვას ბევრი აქვთ საერთო, ჩვენი ქვეყნების დღის წესრიგი ხშირად თანხვედრაშია. მის ეფექტიანად შესრულებაში ჩვენს თანამშრომლობას, რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ აქვს. კომისიის სხდომაზე განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიცაა - ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, ინოვაციები, ტელეკომუნიკაციები. ყველა ამ მიმართულებით საქართველოს და ლიეტუვას გაწერილი დღის წესრიგი აქვთ. კომისიის სხდომაზე ასევე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ძალიან კარგ პოლიტიკურ თანამშრომლობას საერთაშორისო ფორმატებში. ლიეტუვა და საქართველო ერთმანეთს მხარს უჭერენ ყველა მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციებში და ეს მხარდაჭერა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
ვიცე-პრემიერის ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართა მისი პირისპირ შეხვედრა ლიეტუვის ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრთან.