კომპანია "მაგთიკომის" ბენეფიციარ მესაკუთრეების წილებში ცვლილებებია. კომპანიამ კომუნიკაციების კომისიას მიმართა, გასცეს ნებართვა შპს "მაგთიკომის" ბენეფიციარი მესაკუთრეების წილის შეძენაზე, რაზეც თანხმობა მიიღო.
ცვლილებების მიხედვით, შპს "მაგთიკომში" იზრდება გია ჯოხთაბერიძის წილი, დანარჩენი მესაკუთრეების კი - მცირდება, მათ შორის - ირაკლი რუხაძის. უცვლელი რჩება მხოლოდ ედვარდ სპენსერ ჩერჩილის წილი, რომელიც 15%-ს შეადგენს. სამაგიეროდ, გია ჯოხთაბერიძე დამატებით 21%-იანი წილის მფლობელი ხდება, შედეგად მის მფლობელობაში “მაგთიკომის” 75%-იანი წილი იქნება, ირაკლი და ნატალია რუხაძეების წილი კი, კომპანიაში 9.3%-დან 3%-მდე მცირდება.
დღეს შპს "მაგთიკომში" წილები შემდეგნაირად არის გადანაწილებული:
გიორგი ჯოხთაბერიძე - 54%,
ედვარდ სპენსერ ჩერჩილი - 15%,
ბენჟამინ ალბერტ მანზონი 4.34%,
იგორ ალექსეევი - 2.17%,
ირაკლი ოთარ რუხაძე და ნატალია რუხაძე - 9.3%,
ნათელა სახოკია - 9.3%,
ვლადისლავ ალექსეევი - 3.72%,
ვიქტორია ალექსეევა (კორჟილოვა) - 2.17%
როგორი იქნება შპს “მაგთიკომის” მფლობელებში წილების განაწილება ტრანზაქციის განხორციელების შემდეგ:
გიორგი ჯოხთაბერიძე - 75 %,
ედვარდ სპენსერ ჩერჩილი - 15%,
ბენჟამინ ალბერტ მანზონი 1.4%,
იგორ ალექსეევი - 0.7%,
ირაკლი ოთარ რუხაძე და ნატალია რუხაძე - 3%,
ნათელა სახოკია - 3%,
ვლადისლავ ალექსეევი - 1.2%,
ვიქტორია ალექსეევა (კორჟილოვა) - 0.7%
დღეს “მაგთიკომის” მფლობელელი 2 კომპანიაა: „ინტერნეიშენელ ტელსელ სელულარ LLC“ - 51%; ტელსელ უაიერლეს კომპანი LLC” - 49%. თავის მხრივ, "ტელსელ უაიერლეს კომპანის" სრულად ფლობს „ინტერნეიშენელ ტელსელ სელულარი”, რომლის საბოლოო ბენეფიციარები სწორედ ზემოთჩამოთვლილი პირები არიან. ცვლილებები და ტრანზაცია კი, სწორედ ამ კომპანიებს შორის არის დაგეგმილი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს "მაგთიკომის" სადამფუძნებლო სტრუქტურაში დაგეგმილი წილობრივი ცვლილებები ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე გავლენას არ მოახდენს, ვინაიდან ცვლილებების განხორციელების შემდეგ, „მაგთიკომის“ საბაზრო წილი და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები უცვლელი რჩება.
ტრანზაქციების განხორციელების შემთხვევაში, შპს „მაგთიკომი“ ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.