კომპანია “გრანდ კახეთმა” ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიციით მაკარონის წარმოება დაიწყო. ადგილობრივი წარმოების პროდუქტი მცირე და მსხვილ მარკეტებში “მაკარონი ქართულის” ბრენდის ქვეშ იყიდება.
კომპანია ამ დროისთვის ხუთი სახეობის პროდუქტით არის წარმოდგენილი, სამომავლოდ კი ასორტიმენტის გაფართოება განიხილება.
"მაკარონი ქართულის" დირექტორი პაატა მამისაშვილი BM.GE-სთან აცხადებს, რომ გარდაბანში მდებარე საწარმო, რომელიც 25 ადამიანს ასაქმებს, 24 საათში 5 ტონა პროდუქტს ამზადებს.
“წარმოება ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიციით 2021 წლის სექტემბერში ავამოქმედეთ. ამ ეტაპზე 5 სახეობის მაკარონს ვაწარმოებთ, თუმცა 15 სახეობის წარმოება შეგვიძლია. ფასი კონკურენტუნარიანი და ქართულ ბაზარზე მორგებულია, ჩვენი მაკარონის ხარისხი უცხოურ ანალოგებს არ ჩამოუვარდება, ამიტომ ვფიქრობთ, იმპორტირებული პროდუქტის ჩანაცვლებას შევძლებთ.
ვგეგმავთ ექსპორტსაც, სხვადასხვა ქვეყნიდან შემოთავაზებაც გვაქვს, თუმცა ჯერჯერობით ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილებაზე ვმუშაობთ”, - ამბობს კომპანიის დირექტორი.