მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მაკშაურმა" წელს ახალი ფილიალების გახსნას გეგმავს

646c835fdba61
ვიქტორია მღებრიშვილი
23.05.23 15:58
2219
სწრაფი კვების ქართული კომპანია „მაკშაურმა“ რესტორნების ქსელს აფართოებს და ფილიალებს რეგიონებში ხსნის. კომპანიის გეგმებზე „მაკშაურმას“ დამფუძნებელმა რამაზ ხარებავამ „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა.

სწრაფი კვების კომპანია ადგილობრივ ბაზარზე 2009 წლიდან ოპერირებს და დღეისთვის თბილისსა და ბათუმში 7 რესტორანს მართავს. მიმდინარე წელს ქსელის გაფართოების შემდეგ კი კომპანიის პორტფელში 11 რესტორანი შევა. რამაზ ხარებავა აღნიშნავს, რომ ქსელის გაფართოებისთვის წელს ჯამში დაახლოებით 20 მლნ ლარი ჩაიდება.

„2023 წლის ბოლომდე ახალი რესტორნების გახსნას ვაპირებთ. „მაკშაურმას“ ფართო ფორმატის რესტორნები ზუგდიდში, ქუთაისში, გორსა და რუსთავში გაიხსნება, სადაც მომხმარებელს ტრადიციულ პროდუქტებთან ერთად ახალ პროდუქტებსაც შევთავაზებთ.

დღეს კომპანიაში სამუშაო ადგილების რაოდენობა 350-ს აღწევს, ქსელის გაფართოების შემდეგ კი დამატებით 200 ადამიანის დასაქმებას შევძლებთ.

მოგეხსენებათ, კომპანია ნატახტარში განთავსებული მეურნეობიდან იღებს ყველა საჭირო პროდუქტს და ასევე მართავს ფერმას. გვინდა მომხმარებელს ჩვენივე წარმოებული ნედლეულით ახალი პროდუქტი შევთავაზოთ, რომელიც სწრაფი კვების ნაწილი იქნება. ის უკვე შექმნილი და დატესტილია“, - ამბობს რამაზ ხარებავა, თუმცა პროდუქტის გაჟღერებისგან თავს იკავებს.

კომპანიის ხელმძღვანელი იმასაც აღნიშნავს, რომ 2019 წლის შემდეგ „მაკშაურმამ“ განვითარებისთვის 15 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა და ძალიან სწრაფად გაიზარდა. დღეს კი ბრენდის განვითარების საკითხებში კონსულტაციას კომპანია VIANOVA-ს დამფუძნებელი კლაუს შლოფერი უწევს, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულ სფეროებში კონსულტირების 40-წლიანი გამოცდილება აქვს. 

„მაკშაურმას“ ქსელის გაფართოების გრძელვადიანი გეგმა კი ქვეყნის მასშტაბით 21 რესტორნის გახსნას და წარმოების ამოქმედებას მოიცავს, რომელიც ქსელის ობიექტებს საკუთარი წარმოების ნედლეულით მოამარაგებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები