მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მეწარმე მარკეტის მძევალია" - ბექა ნაცვლიშვილი

63fe5ffa7530c
ალა ისპირიანი
01.03.23 00:40
849
რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა ბიზნესები შეუსაბამოდ მაღალი ფასნამატისთვის გააკრიტიკა და თქვა, რომ მთავრობა ბაზარზე სურსათის ფასების შემცირებისთვის ნაბიჯებს გადადგამდა. ეკონომიკური გუნდის წევრებმა დავალება მიიღეს, რომ ფასების “რეგულირებისთვის” ახალ კანონპროექტზე ემუშავათ. ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული საკითხი ევროკავშირის მიერ 2019 წელს მიღებულ დირექტივაზე დაფუძნებული კანონით უნდა მოგვარდეს.

თავად ეს დირექტივა კი “ფასნამატს” ან “მარჟებს” არ უკავშირდება და ის სასურსათო ნედლეულის პირველად მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და სავაჭრო ქსელებს შორის ურთიერთობებს აწესრიგებს.

როგორც ცნობილი გახდა, აღნიშნულ საკითხზე ეკონომიკის სამინისტროს "სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტმა“ რეკომენდაციებით მიმართა.მისმა დამფუძნებელმა ბექა ნაცვლიშვილმა BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ თქვა, რომ აღნიშნული კანონმდებლობა ადგილობრივი მეწარმეების სუპერმარკეტებთან ურთიერთობას უფრო სამართლიანს გახდის.

„თუ სუპერმარკეტებს ადგილობრივი მეწარმეებისთვის კაბალური პირობები ექნებათ მაშინ ისინი ვერ განვითარდებიან. ჩვენ ამ ყველაფერს თავის დროზე არ ვუყურებდით მხოლოდ და მხოლოდ ფასების რეგულირების და შემცირების თვალსაზრისით, არამედ აგრეთვე ვუყურებდით ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის თვალსაზრისით. კარგია რომ ახლა მთავრობის და ჩვენი ინტერესი დაემთხვა და ეკონომიკის სამინისტროს რეკომენდაციით მივმართეთ. წინა კანონმდებლობისგან ეს კანონმდებლობა იმით განსხვავდება, რომ ცალსახად მხოლოდ სურსათზე ვრცელდება და გადახდის ვადებია უფრო შეჯერებული“, - თქვა მან.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, - არა მხოლოდ ადგილობრივ წარმოებას ეხება, ამ შემთხვევაში პირველადი მოხმარების პროდუქტზე მათ შორის იმპორტირებულზეა საუბარი, - მან უპასუხა, რომ აღნიშნული სფერო მთლიანად უნდა დარეგულირდეს.

„ეს ადგილობრივი მეწარმეებისთვის და მომხმარებლისთვის კეთდება და არა მთავრობისთვის, რადგან ჩვენ რა კვლევაც ჩავატარეთ ამ კაბალური პირობების გამო რაც სუპერმარკეტებში მეწარმეების მიმართ არსებობს მეწარმეები იძულებულები ხდებიან ხშირ შემთხვევაში 18-20% -იანი ფასნამატით შეიტანონ პროდუქტი სუპერმარკეტებში, რადგან ელემენტარული რისკები დაიზღვიონ, რომ წაგებაში არ დარჩნენ. ეს რიკები იმაში მდგომარეობს, რომ მაგალითად როდესაც პროდუქტი შეაქვს მეწარმეს სუპერმარკეტი გადახდას უგვიანებს. გადახდას რომ გიგვიანებენ საბრუნავი კაპიტალი გჭირდება და იძულებული ხარ ბანკში მიხვიდე, ძვირიანი კრედიტი აიღო ან წარმოების მოცულობა შეამცირო ან შეაჩერო. აქედან გამომდინარე ისინი რისკს იმითი იზღვევენ, რომ დიდი ფასნამატით შეაქვთ პროდუქტი. მეორეა ე.წ „ქეშბექი“, - ანუ როდესაც სუპერმარკეტი პროდუქტს გაგიყიდის, გარდა იმისა, რომ ის თავის ფასნამატს ადებს კიდევ იქიდან თანხა უნდა მიიღოს და ასევე ყველაზე აბსურდულია შესვლის გადასახადი. სუპერმარკეტმა პროდუქტი თუ შეგატანინა და დახლზე დაგადებინა გაყიდის თუ არა მას შემტანი მოჭრილ გადასახადს უხდის“, - ამბობს იგი.

ბექა ნაცვლიშვილის თქმით, მათი რეკომენდაციით, სუპერმარკეტებში შესვლის გადასახადი უნდა გაუქმდეს.

„სუპერმარკეტი ისევ ჩაიბარებს იმ პროდუქტს, რომელიც ბაზარზე მოთხოვნადია, მაგრამ თუ კომპანიას ფულს 2 ან 3 თვის მერე უხდიდა, მალფუჭებადის შემთხვევაში ბევრად უფრო ადრე 15 დღეში გადაუხდის. არამალფუჭებადის შემთხვევაში 30 დღეში და ა.შ. - ეს დარეგულირდება. ძირითადი პრობლემა არის გადახდის ვადები. სუპერმარკეტი იმიტომ აგვიანებს გადახდას, რომ სხვისი ფულით ახალი ფილიალი გახსნას. მისი ბიზნესი იზრდება მაგრამ მეწარმე რომელიც უფრო მეტ ადამიანს ასაქმებს, ის ზარალდება. მეწარმე მარკეტის მძევალია. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ შესვლის გადასახადი გაუქმდეს და გადახდის ვადები დარეგულირდეს.

ეს ადგილობრივ მეწარმეს დაეხმარება, რომ გათვლადი იყოს მისი ურთიერთობა მარკეტთან. შეუმცირებს ხარჯებს, რადგან რისკების დაზღვევისთვის ბანკში მისვლა ან სხვა ფასნამატის დადება საკუთარ პროდუქტზე აღარ დაჭირდება და პროდუქტს გააიაფებს“, - ამბობს ბექა ნაცვლიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები