მურაბებისა და ჯემების მცირე საოჯახო წარმოება “ჟოლი” მალე ჩირის, ნატურალური წვენების, კომპოტებისა და გაყინული ხილის წარმოებასაც დაიწყებს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა გურამ სუხაშვილმა bm.ge-ს განუცხადა, მიმდინარე წელს საჭირო ფინანსების მოძიების შემდგომ მცირე საწარმოს ამოქმედებაც განიხილება, რომლისთვისაც 50 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია დასჭირდებათ. მისივე განმარტებით, ადგილზე ამ დროისთვის შენობა უკვე არის, თანხა კი საჭირო მანქანა-დანადგარების შეძენას მოხმარდება.
“2020 წელს ჟოლოს ბაღი გავაშენეთ, პირველივე წელს 2 ტონა მოსავალი მივიღეთ და უკვე 2021 წელს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება დავიწყეთ. ამ ეტაპისთვის ჟოლოს ჯემებისა და მურაბების წარმოება გვაქვს, თუმცა მალე ასორტიმენტს გავზრდით.
რეალიზაციას, ორბელიანის განახლებულ ბაზარში, სხვადასხვა მცირე მაღაზიასა და ონლაინ ვახდენთ. ვგეგმავთ ქსელურ მარკეტებთან თანამშრომლობასაც. ამასთან მოლაპარაკებები უკრაინასთან გვაქვს, გაზაფხულისკენ რაოდენობაზე და სხვადასხვა დეტალზე შევთანხმდებით, უახლოეს მომავალში კი ამ ბაზარზეც ვიქნებით ხელმისაწვდომი”, - ამბობს “ჟოლის” დამფუძნებელი.
ინფორმაციისთვის, “ჟოლის” ბაღი კასპში ჯერჯერობით ნახევარ ჰექტარზე აქვს გაშენებული. უახლოეს პერიოდში კომპანია ბაღის ტერიტორიას 2.5 ჰა-მდე გაზრდის, მოსავლის მოცულობა კი თითო ჰექტარზე 8-12 ტონა იქნება.