მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მომატებულია ნაკადები, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მონიტორინგი" - გზების დეპარტამენტი რიკოთზე

643a6dd1d6dbb
თამთა ჯიჯავაძე
15.04.23 13:24
1076
რიკოთზე მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა დღესაც დილის 7:00 საათიდან აღდგა. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი წერეთელი აცხადებს, მომატებულია ნაკადები, რაც აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება.

„დღეს დილის 7:00 საათიდან მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის აღდგა მოძრაობა რიკოთის უღელტეხილზე. ტრადიციულად, აღდგომის დღესასწაულზე მომატებულია ყოველთვის ინტენსივობა და ნაკადები. საღამოს 19:00 საათამდე მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებენ რიკოთის მონაკვეთზე, ხოლო 19:00 საათის შემდეგ, მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა დასაშვები გომი-საჩხერე-ჭიათურაზე იქნება. 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მონიტორინგი, რომელშიც ჩართულები არიან სამშენებლო კომპანია, საზედამხედველო კომპანია და ასევე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები“, - განაცხადა გიორგი წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ114-კმ194 (ახალსოფლის კვანძი-ზესტაფონი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია შემდეგი სპეციალური რეჟიმებით:

მსუბუქი ავტოტრანსპორტის და ავტობუსების (მათ შორის 30 ადგილზე მეტი ტევადობის) მოძრაობა დასაშვებია 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და სატვირითო ავტომობილების (3500კგ>) მოძრაობა დასაშვებია 21:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, რევერსულად. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

"საავტომობილო გზის რიკოთის გვირაბი-ხევის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია დღე-ღამის ნებისმიერ დროს.

აღნიშნული რეჟიმებით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ასევე, მიმდინარე შეკეთების სამუშაოები დასრულდა და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე, კერძოდ ქალაქ ლანჩხუთში, აღმაშენებლის ქუჩაზე გამავალ მონაკვეთზე", - იტყობინება გზების დეპარტამენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები