კვლევაში ჩართული პირები ამის მიზეზად რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ:
• რუსეთი საქართველოს მტერია (40.6%);
• რუსეთის მოქალაქეების მიერ წარმოებული ბიზნესი საქართველოში კონკურენციას უწევს ადგილობრივ ბიზნესს და შედეგად ამცირებს მათ შემოსავლებს (37.9%);
• რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის წინააღმდეგ (11.1%).
„რუსი „ტურისტებისთვის“ საქართველოში ხელშემწყობი ბიზნესგარემოს შექმნა, პირდაპირი ეკონომიკური საფრთხის შემცველია ადგილობრივი ბიზნესისთვის, რამდენადაც ეს ფაქტი მნიშვნელოვნად ზრდის კონკურენციას ქვეყნის ბაზარზე და, შესაბამისად, უარყოფით ზეგავლენას ახდენს ამ გზით მოსალოდნელ ფინანსურ კეთილდღეობაზე. პროცესის მსხვერპლად კი გვევლინებიან ის ბიზნესები, ვინც წლიდან წლამდე ტურისტული სეზონის მოლოდინშია და რომელთა ეკონომიკური სიძლიერე სეზონური შემოსავლის მთელ წელზე გადანაწილების პრინციპზეა აგებული“, - განმარტავს „ეისითის“ კომპეტენციის ლიდი ნათია რუხაძე თავის მიმოხილვაში, რომელშიც კვლევის შედეგებია წარმოდგენილი.
ცნობისთვის, კომპანია ეისითიმ მოსახლეობის გამოკითხვა ტურიზმის საკითხებზე 2022 წლის 11-16 ივნისის პერიოდში ჩაატარა. კვლევაში მონაწილეობა 800-ზე მეტმა შემთხვევითად შერჩეულმა საქართველოს მოქალაქემ მიიღო ქვეყნის მასშტაბით.