მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოთხოვნა ძალიან მაღალია, ამიტომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გეგმა წარმადობის გაზრდაა" - "იამე"

63b684dc5a61f
თინათინ ნატმელაძე
06.01.23 10:00
2137
ჯემების, წვენების, კომპოტებისა და ქართული ტრადიციული სოუსების მწარმოებელ კომპანია „იამეს“, რომელიც 2022 წლის ზაფხულში ამოქმედდა, პროდუქცია უკვე ექსპორტზე კატარსა და საუდის არაბეთში გააქვს. როგორც კომპანიის მენეჯერმა სალომე ალანიამ BM.GE-თან განაცხადა, 2023 წელს ქართული ბაზრის სრულად ათვისების, წარმადობის გაზრდისა და საექსპორტო ბაზრის გაფართოების გეგმით შეხვდნენ.

„უკვე გავიშალეთ ქართულ ბაზარზე, კერძოდ წარმოდგენილი ვართ „ორ ნაბიჯში“, „გურმანიაში“, „გუდვილსა“ და „მაგნიტში“. ამას გარდა, ჩვენი პროდუქცია ექსპორტზეც გადის და კატარსა და საუდის არაბეთში იყიდება, ამ ეტაპზე დაწყებული გვაქვს თანამშრომლობა და მხოლოდ ორი კონტეინერი გვაქვს გაგზავნილი.

დღევანდელი მონაცემებით, ჩვენი პროდუქციის რეალიზებაში 30%-იანი წილი ექსპორტს, ხოლო 70%-იანი წილი - ადგილობრივ ბაზარს უჭირავს.

2023 წლიდან ქართული ბაზრის უფრო მეტად ათვისებას და საექსპორტო ბაზრების გაფართოებას ვგეგმავთ, ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს დიდ ქსელურ მარკეტებთან და ამერიკის ბაზართანაც ვაწარმოებთ.

მოთხოვნა ძალიან მაღალია, ამიტომ, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გეგმა წარმადობის გაზრდაცაა", - განაცხადა სალომე ალანიამ.

რაც შეეხება გამოწვევებს, სალომე ალანია BM.GE-თან საუბრისას ყვება, რომ მთავარი სირთულე ფინანსებთან ხელმისაწვდომობა და ნედლეულის ფასის მუდმივი ზრდაა.

„სირთულე ყოველთვის არის, როდესაც ახალ პროდუქციას ქმნი. ასე იყო ჩვენს შემთხვევაშიც, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ინვესტიცია იყო. ჩვენ ზაფხულში დავიწყეთ წარმოება და ამიტომ იძულებული ვიყავით, რომ თავიდანვე პროდუქციის მარაგები დაგვეგროვებინა, რაც საკმაოდ მასშტაბურ თანხებს მოითხოვდა, „იამე“ სრულად ჩვენი პირადი ინვესტიციით შევქმენით.

მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევა ნედლეულსა და დამხმარე პროდუქციაზე ფასის მუდმივი ზრდაა, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ „იამეს“ პროდუქცია ბიუჯეტური და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, ეს ორი პროცესი კი საკმაოდ რთული შესათავსებელია", - განმარტავს „იამეს“ მენეჯერი.

ინფორმაციისთვის, ნატახტარში არსებული საწარმო 25 ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები