მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნიკორა ტრეიდი" სამ წელში 250 ობიექტის გახსნას გეგმავს - ინვესტიციის მოცულობა 35 მლნ ლარია

619247ce57837
მარიამ ვარადაშვილი
15.11.21 16:00
1289
კომპანია "ნიკორა ტრეიდმა“ თიბისი კაპიტალის მეშვეობით, საჯარო ემისიის სახით, 35 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის დავით ურუშაძის განცხადებით, მოზიდული თანხის ინვესტირებას ახალი სავაჭრო ობიექტების გახსნაში გეგმავს.

“მოზიდულ რესურსი ახალი სავაჭრო ობიექტების გახსნას მოხმარდება და საშუალება მოგვეცემა ჩვენს მომხარებელთან კიდევ უფრო ახლოს ვიყოთ, რაც ნიშნავს იმას, რომ მეტ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს ჩვენი სუპერმარკეტების სერვისით. ასევე, შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები. ლარში დენომინირებული ობლიგაციები სასესხო კაპიტალის სტრუქტურის ოპტიმიზაციის საშუალებას გვაძლევს, რაც ვალუტის მერყეობის ფონზე, კომპანიას უფრო მდგრადს ხდის“, - აცხადებს დავით ურუშაძე.

ამასთან, როგორც მან BMG-სთან თქვა, მომდევნო სამი წლის განმავლობაში 200-ზე მეტი მაღაზიის გახსნა იგეგმება.

“ახალი მაღაზიებისთვის კონკრეტულად ადგილდებარეობის განსაზღვრა ცოცხალი პროცესია და ქსელის განვითარების მიმართულება მუშაობს ფართების მოძიებაზე. აქედან გამომდინარე, ამას ვერ გეტყვით. ამ სამი წლის განმავლობაში ვგეგმავთ 250 მაღაზიის გახსნას. ძალიან დიდი აქცენტი გაკეთდება რეგიონებზე. ჩვენ ძირითადად თბილისში ვართ წარმოდგენილი, ამიტომ დიდი აქცენტი გაკეთდება რეგიონებზე", - აცხადებს ურუშაძე.

"ნიკორა ტრეიდის" აღმასრულებელ დირექტორს bm.ge რეკორდულ ინფლაციასა და გაყიდვების მოცულობაზე მის გავლენაზეც ესაუბრა. 

“ინფლაციის გამო გაყიდვები არ შემცირებულა, თუმცა არც გაზრდილა; იმის გათვალისწინებით, რომ ინფლაცია გაიზარდა,  გაზრდილი ფასის გამო თანხობრივი გაყიდვებიც გაიზარდა. ზოგადად, მინდა აღვნიშნო, რომ ნამდვილად დიდი წნეხია მოსახლეობისთვის ინფლაცია, თუმცა ეს მაკროეკონომიკური პრობლემაა, რომელსაც სხვაგვარი ქმედება სჭირდება. ფასების ზრდას ორი რამ იწვევს: მაღალი დოლარის კურსი ლართან მიმართებით და საერთაშორისო ბაზრებზეც პროდუქტზე მომატებული ფასი. აქედან გამომდინარე, ადგილობრივ რიტეილერებს ან თუნდაც დისტრიბუტორებს არ აქვთ მექანიზმები, რომლითაც ამას წინააღმდეგობას გავუწევდით", - აცხადებს დავით ურუშაძე.

ოქტომბერში წლიური ინფლაცია 12.8%-მდე გაიზარდა. საქსტატის მიხედვით, სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 18.4%-ით არის მომატებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები