მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პატარიძის რაჭულის" ღვინის გაყიდვები 70%-ით გაიზარდა - კომპანიის გეგმები

61de98cdbec8d
ინგა მურუსიძე
11.01.22 22:00
1300
"პატარიძის რაჭული" მსოფლიოს ოთხ ქვეყანაში - იტალიაში, საფრანგეთში, აშშ-სა და ისრაელში იყიდება, თუმცა როგორც bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელი შორენა პატარიძე უყვება, მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები შვედეთთან და განიხილება ასევე გერმანული ბაზარი, სადაც შესაძლოა, რაჭული ბიოღვინო გავიდეს.

"2021 წელს, გასულ წელთან შედარებით გაყიდვების მაჩვენებელი 70%-ით გაიზარდა. ახლა აქტიურად გვაქვს მოლაპარაკებები შვედეთთან და ჩვენი გერმანელი ინვესტორი სტეფან ბრუნო შალერი მიმოიხილავს გერმანულ ბაზარსაც, სადაც ქართული ღვინით დაინტერესება ძალიან დიდია. ექსპორტზე ბიოლოგიურად სუფთა ალექსანდრეულისა და მუჟურეთულისგან დამზადებული წითელი მშრალი ღვინო გაგვაქვს. თუმცა ასევე გვაქვს ვარდისფერი მშრალი ღვინო. წელს გავტესტეთ ნატურალური შუშხუნა ღვინოც, ყოველგვარი დანამატების გარეშე და შესაძლოა, საექსპორტო ღვინოებს ესეც დავამატოთ“, - ამბობს შორენა პატარიძე.

ის ჩამოსხმული ღვინის  მოცულობის დაკონკრეტებისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ წარმადობა 2020 წელთან შედარებით 100%-ით არის გაზრდილი.

რაჭველი მეწარმე გასულ წელსაც აჯამებს და აცხადებს, რომ მიუხედავად ტენიანი ამინდებისა და გაფუჭებული ყურძნისა, მის ვენახს პრობლემები არ შექმნია და 2022 წელს ღვინოც შესაბამისად უმაღლესი ხარისხის ექნება.

რაც შეეხება მომავლის გეგმებს, გარდა საექსპორტო ქვეყნების რიცხვის ზრდისა, კომპანია ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოსაც გახსნის.

„მივიღე მონაწილეობა სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტში, რომლის დახმარებითაც ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოს ავამოქმედებთ და მივიღებთ უფრო მაღალი ხარისხის ბიოღვინოს. ვიყიდეთ კიდევ ვენახი და ვფიქრობთ, ვენახის რაოდენობის ზრდით ღვინის წარმოების ზრდას. ამ ყველაფრის შედეგად კი მივიღებთ პრემიუმ-ხარისხის ღვინოს. ჩემი ინვესტორი, სტეფან ბრუნო შალერი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ 2022 წლის რთველი ახალ საწარმოში მივიღოთ“, - ამბობს შორენა პატარიძე.

მისი განმარტებით, აქამდე პატარიძეების ვენახებში 5-10 ადამიანი საქმდებოდა, ხოლო საწარმოს გახსნის შემდეგ, სავარაუდოდ, მაჩვენებელი გაორმაგდება და კომპანია მოქალაქეებს არა მხოლოდ სეზონურად, არამედ მუდმივად დაასაქმებს, რაც რეგიონისთვის მნიშვნელოვანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები