მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა ინვესტორებს კითხვის ნიშნებს გაუჩენს" - ირაკლი ჟვანია

64881a86ec82f
თინათინ ნატმელაძე
13.06.23 11:51
551
"ის ცვლილება, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, არც საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის არც სავალუტო ფონდის მიერ არ იყო მოწონებული, ასე რომ ვეტოს დაძლევა, ალბათ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით გარკვეულ კითხვის ნიშნებს დაბადებს", - ამის შესახებ BMG-ის "ქუდოს ჯორჯიას" მმართველმა პარტნიორმა, ირაკლი ჟვანიამ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო, რადგან ის მიიჩნევდა, რომ ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის დამკვიდრება არც საჭირო იყო და არც საჩქარო. თუმცა, გასულ კვირას, საქართველოს მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აპირებს.

BMG-სთან საუბრისას ადგილობრივი ბიზნესების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისთვის აუცილებელია, ეროვნულ ბანკს ჰყავდეს პრეზიდენტი, რომელიც დამოუკიდებლად, სხვების ჩარევის გარეშე უფლებამოსილების განხორციელებას შეძლებს.

"რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მმართველი პარტია ფიქრობს არსებული ფინანსთა მინისტრის ეროვნული ბანკის საბჭოში შეყვანას, ვფიქრობ, აქ კომპეტენციის ნაწილში არ არის კითხვის ნიშნები, იმიტომ რომ მას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ფინანსურ სექტორში, თუმცა აქ საუბარია იმაზე, თუ რამდენად გაიზრდება ხელისუფლების გავლენა ეროვნულ ბანკზე.

აქვე, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ უცხოური ინვესტიციების მოზიდვა იქნება თუ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა, ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყნის შიდა მდგომარეობის ზოგად სურათზე - თუ ჩვენ ისეთ ცვლილებებს მივიღებთ, რომელიც ვიცით, რომ ავტორიტეტული ორგანოების, მათ შორის სავალუტო ფონდის მიერ უარყოფითადაა შეფასებული, რა თქმა უნდა, ეს კითხვის ნიშნებს გააჩენს საფინანსო ინსტიტუტებში", - განაცხადა ირაკლი ჟვანიამ.

მისივე ცნობით, იმისთვის, რომ ეროვნული ბანკის სახელი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პარტნიორებში კეთილგანწყობით სარგებლობდეს, აუცილებელია, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირი იყოს დამოუკიდებელი და იმ შედეგებზე, რაც შესაძლოა ეროვნული ბანკის გატარებულ პოლიტიკას მოჰყვეს, პასუხისმგებლობის აღება შეძლოს.

"IMF-ი გაოგნებულია"- ჯეიმს ჯონი ქართული ოცნების გადაწყვეტილებაზე, დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები