მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართულ უნიკალურ პროდუქციას, სახელმწიფო ახლა უფრო მაღალი სტანდარტებით დაიცავს" - ნინო წილოსანი

6474a7781feeb
BM.GE
29.05.23 22:00
405
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელა.

„საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლით სხდომაზე, ახმეტის მუნიციპალიტეტში განიხილეს. 

კანონპროექტი, რომელიც საქპატენტმა მოამზადა, მიზნად ისახავს საქართველოში ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სისტემის განვითარების ხელშეწყობას, ასევე, „ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტთან“ და ევროკავშირში არსებული გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემასთან ჰარმონიზებას.

კომიტეტის თავმჯდომარის ნინო წილოსანის განცხადებით, გეოგრაფიული აღნიშვნები ეფექტური ინსტრუმენტია, რომელიც ემსახურება ბუნებრივ პირობებთან და ტრადიციებთან დაკავშირებული ადგილობრივი, განსაკუთრებული საქონლის კონკურენტუნარიანობისა და ცნობადობის ზრდას. მისი თქმით, კანონის მოქმედი რედაქცია 1999 წელს არის მიღებული და ის ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს.

„ქართულ უნიკალურ პროდუქციას, რომელიც საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა ქვეყნის მასშტაბით, ახლა უფრო მაღალი სტანდარტებით დაიცავს სახელმწიფო და რაც მთავარია, განავითარებს სისტემას, რომელიც სოფლად მცხოვრებ ადამიანებს მისცემს საშუალებას, თავიანთი უნიკალური ნაწარმი იყოს კონკრეტული დაცვის ქვეშ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გელა სამხარაულის განცხადებით, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლების მონაწილეობით, კანონპროექტთან დაკავშირებით, გაიმართა შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან, მათ შორის, ფერმერებთან და მეცხვარეებთან.

„ახალი კანონის საფუძველზე სახელმწიფოს ექნება საშუალება დელეგირება გაუკეთოს თავისივე უფლებამოსილების და შემდეგში ეს სიკეთე და სიმდიდრე ასოციაციების მეშვეობით იქნას დაცული“, - აღნიშნა გელა სამხარაულმა.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, მაკა ბოჭორიშვილი, ხატია წილოსანი, ეკა სეფაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, გოდერძი ჩანქსელიანი, გოგი მეშველიანი, გიორგი ცაგარეიშვილი, გელა სამხარაული, დავით სონღულაშვილი, გიორგი კახიანი, გოჩა ენუქიძე, სოზარ სუბარი და ბექა ოდიშარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები