მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რკინიგზამ 14,000 დოლარზე მეტი ეკონომიურობის პრინციპის დარღვევით გადაიხადა" - აუდიტი

6414cdf23da6f
ალა ისპირიანი
18.03.23 00:40
698
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სს „საქართველოს რკინიგზის“ 2020-2021 წლების შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. დოკუმენტში წერია, რომ ბაზრის კვლევის ნაკლოვანებები გამოვლინდა.

აუდიტის თანახმად, სხვადასხვა დროს, 3 თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში, კომპანიას ელექტრომატარებლები არ ჰქონდა დაზღვეული და ასევე 14,000 აშშ დოლარზე მეტი ეკონომიურობის პრინციპის დარღვევით გადაიხადა. 

"ელექტრომატარებლების დაზღვევის მომსახურების 5-წლიანი ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2021 წლის 25 ივლისს ამოიწურა. 2021 წლის შესყიდვების გეგმის შედგენის დროს, კომპანიას ახალი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით შესყიდვის პროცედურის განსახორციელებლად, ბაზრის კვლევა არ ჩაუტარებია.

ბაზრის კვლევის პროცედურები კომპანიამ დაიწყო ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე სამი თვით ადრე, თუმცა საკვლევი ობიექტის კომპლექსურობის გამო, აღნიშნული პერიოდი საკმარისი არ აღმოჩნდა. შედეგად, ტენდერი ვერ გამოცხადდა წინა ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე, რის შედეგადაც კომპანიას დაუდგა სადაზღვევო მომსახურების გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით გამარტივებული წესით შესყიდვის აუცილებლობა. აღნიშნული ეწინააღმდეგება სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფის პრინციპს.

შედეგად, სხვადასხვა დროს, 3 თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში, კომპანიას ელექტრომატარებლები არ ჰქონდა დაზღვეული და ასევე 14,000 აშშ დოლარზე მეტი თანხა გადაიხადა ეკონომიურობის პრინციპის დარღვევით.

სს „საქართველოს რკინიგზამ“ ზოგიერთ შემთხვევაში ბაზრის კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა, რაც არ შეესაბამება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მოთხოვნას.

წარმოდგენილი ბაზრის კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია უმეტეს შემთხვევებში არ არის სისტემატიზებული და სრულყოფილი. სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სხდომის ოქმები არ არის შედგენილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციის შესაბამისად. აღნიშნულის შედეგად, აუდიტის ჯგუფი ვერ დარწმუნდა − კომპანიის მიერ განხორციელებული ბაზრის კვლევა უზრუნველყოფს თუ არა კონკურენტული გარემოს შექმნას და ფულადი სახსრების რაციონალურ განკარგვას", - წერია დასკვნაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები