„საქართველო მცირე, მაგრამ ღია ეკონომიკის ქვეყანაა. მაშინ, როდესაც მსოფლიოში ინფლაციის კუთხით ამ დონის გამოწვევებია საქართველო მაღალ ეკონომიკურ ზრდას ინარჩუნებს. საქართველოში ინფლაცია 11,5%-ია, მაშინ როდესაც აღმოსავლეთ ევროპაში ეს მაჩვენებელი 21%-ია. ევროზონაში 9 %-ზე მეტია. ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში, თურქეთში არის 77%-იანი ინფლაციაა. რუსეთსა და უკრაინაზე არაფერს ვამბობ გარკვეული მიზეზების გამო. ამ მოცემულობაში საქართველო ინარჩუნებს სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად მაღალ ეკონომიკურ ზრდას, რაც 7 თვის მონაცემებით 10,3%-ია“, - ამის შესახებ ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ბუნებრივია, რომ მყისიერად ვერ ხდება ჩვენი მოსახლეობის შემოსავლებში ამის ასახვა, თუმცა გაზრდილი ეკონომიკური მაჩვენებლის საფუძველზე 50 ლარიდან 150-ლარამდე გაიზარდა უმწეო ბავშვების დახმარება; 100 მილიონი ლარი რეგიონების განვითარების ფონდში გადაირიცხა.
ასევე, სახელმწიფომ ქვედა ზღვარი დააწესა და დახმარება აღუთქვა მევენახეებს. მედიკამენტების ნაწილში 60-80%-ით შემცირდა ფასები, ისევე როგორც ნავთობპროდუქტებთან მიმართებით.
„თქვენ გევალებათ, რასაც პრემიერი ღარიბაშვილი და მთავრობა დააანონსებს, ის მოქალაქეებამდე მიიტანოთ და შეცდომაში არ შეიყვანოთ ისინი“, - მიმართა ოპოზიციას ირაკლი ზარქუამ.