მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"როგორი იქნება საბანკო სექტორის დაბეგვრის პოლიტიკა, მოგვიანებით გავიგებთ" - ფინანსთა მინისტრი

637228e841a66
ვიქტორია მღებრიშვილი
14.11.22 15:52
613
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საფინანსო სექტორი 2023 წელს მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე რომ არ გადავა, ეს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტიდანაც ნათლად ჩანს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ის, რომ მომდევნო წელს საფინანსო სექტორს მოგების გადასახადის ესტონური მოდელი არ შეეხება, ეს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტიდანაც კარგად ჩანს. ამას საკმაოდ მნიშვნელოვანი ფისკალური ეფექტი ექნებოდა შემცირების მიმართულებით და ასეთი შემცირება ბიუჯეტში ასახული არ გვაქვს, შესაბამისად ძალიან მარტივად შეიძლება ამის დანახვა, რომ მომდევნო წელს საფინანსო სექტორი მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე არ გადავა. ხოლო, ის, თუ როგორ იქნება ზოგადად სექტორის გრძელვადიან ნაწილში დაბეგვრის პოლიტიკა, ამას მოგვიანებით გავიგებთ“, - განაცხადა ხუციშვილმა.

BMG-მ მოგების გადასახადის იგივე მოდელის სადაზღვევო სექტორისთვის ამოქმედების შესაძლებლობაზეც ჰკითხა, თუმცა, მინისტრს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.

სადაზღვევო სექტორზე “ესტონური მოდელის” გავრცელება ინვესტორების მოძიებას გაგვიმარტივებს - „არდი“

ინფორმაციისთვის: მოგების გადასახადის ესტონური მოდელი, რომელიც საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდა, ბიზნესს მოგების გადასახადისგან ათავისუფლებს, თუ თანხა კომპანიაში რეინვესტირდება. აღსანიშნია, რომ მოგების გადასახადის ესტონური მოდელი საფინანსო სექტორზე 2019 წლიდან უნდა გავრცელებულიყო, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ პროცესმა 2023 წლამდე გადაიწია. გასულ კვირას კი ცნობილი გახდა, რომ ის არც მომავალი წლიდან ამოქმედდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები