მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსთავის წყალი" წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის წელს ₾20 მილიონზე მეტის ინვესტირებას გეგმავს

63c984ad89536
გვანცა სანაია
19.01.23 23:55
685
კომპანია „რუსთავის წყალი“ რუსთავში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებისთვის წელს 20 მლნ ლარზე მეტის ინვესტირებას გეგმავს. ამის შესახებ BM.ge-ს „რუსთავის წყლის“ დირექტორის მოადგილემ თემო ჯანელიძემ განუცხადა.

საქმე ის არის, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ „რუსთავის წყლისთვის“ დამტკიცებული 2021-2023 წლების საინვესტიციო გეგმის თანახმად, კომპანიამ 30 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

საინვესტიციო გეგმის თანახმად, სწორედ მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს ე.წ. ხრამი-რუსთავის მაგისტრალური მილსადენისა და წყალმომარაგების შიდა ქსელების სრული რეაბილიტაცია, რაც ქალაქში წყლის მიწოდებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

"რუსთავის წყალის" დირექტორის მოადგილე თემო ჯანელიძე BM.GE-სთან ამბობს, რომ რეაბილიტაცია სამ ეტაპად განხორციელდება.

„აღნიშნული მაგისტრალური მილი რუსთავსა და ქალაქ გარდაბანს კვებავს. იგეგმება ე.წ. ხრამი-რუსთავის მაგისტრალური მილსადენის, ჯამში, 15-კილომეტრიანი ქსელის შეცვლა, რომლის სამუშაოები სამ ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი შვიდი კილომეტრია და ელექტრონულ ტენდერს მომავალ თვეში გამოვაცხადებთ; მოეწყობა ჩამკეტი ურდულები, რაც ნაკადების მართვას გააუმჯობესებს. ხრამი-რუსთავის მაგისტრალზე სამი მონაკვეთი შევარჩიეთ, რომელიც მოძველებულია და შეიცვლება. ვფიქრობთ, სექტემბრის შუა რიცხვებში, მაგისტრალური მილსადენის 15-კილომეტრიანი მონაკვეთი სრულად განახლებული იქნება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი პროექტი. პარალელურად, გრძელდება და ხორციელდება სხვადასხვა ქუჩაზე საპროექტო სამუშაოები, სადაც, ასევე, მაგისტრალური მილსადენები შეიცვლება“, - განაცხადა თემო ჯანელიძემ.

BM.ge-ს კითხვაზე, სამუშაოების მიმდინარეობის დროს რუსთავში წყალმომარაგების შეზღუდვა უფრო ინტენსიურ ხასიათს ხომ არ მიიღებს, კომპანიის მენეჯმენტის განმარტებით, სამუშაოებს იმგვარად დაგეგმავენ, რომ წყალმომარაგების ნაკლები შეზღუდვა გამოიწვიოს, თუმცა განსაკუთრებულ შემთხვევებში, შესაძლოა, დროებითი შეზღუდვა აუცილებელი გახდეს.

"გადაერთების დროს აუცილებელი იქნება შეზღუდვა. ჩვენ განსაკუთრებულ შემთხვევებში, 72 საათით ადრე დავიწყებთ ინფორმაციის გავრცელებას ყველა საშუალებით, რომ მოსახლეობა მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს“, - განაცხადა თემო ჯანელიძემ.

"რუსთავის წყალმა“ სამუშაოები, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა დაასრულოს.

რაც შეეხება კომპანიის მიერ უკვე ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, „რუსთავის წყალში“ ამბობენ, რომ სარეაბილიტაციო პროექტები ქალაქის ხუთ ქუჩასა და ორ მთავარ მოედანზე დაასრულეს.

„სამუშაოები ჩატარდა ლერმონტოვის, შევჩენკოს, 9 ძმა ხერხეულიძის, გურამიშვილისა და მარჯანიშვილის ქუჩებზე, შარტავას და რუსთაველის მოედნებზე; ახლით შეიცვალა 2.25 კმ-ზე მეტი სიგრძის მოძველებული წყალსადენის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე 57 ერთეული ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და წყლის წნევის რეგულატორი დამონტაჟდა, ასევე 34 სახანძრო ჰიდრანტი და 12 საკვანძო ჭა მოეწყო“, - განმარტავენ კომპანიაში და აცხადებენ, რომ შედეგად, წყალმომარაგება გაუუმჯობესდება ლერმონტოვის, შევჩენკოს, 9 ძმა ხერხეულიძის, გურამიშვილის, მარჯანიშვილის, შარტავას, რუსთაველის ქუჩებსა და VII, VII ა, XIV, XV, XX, XXI მიკრორაიონების მოსახლეობას.

ცნობისთვის: მოძველებული და ამორტიზებული წყალმომარაგების სისტემის გამო, რუსთაველებისთვის, პერიოდულად, წყლის მიწოდების შეზღუდვა უჩვეულო არ არის. ადგილობრივები წლებია ვითარების გაუმჯობესებას ითხოვენ. გასულ წელს სამოქალაქო აქტივისტებმა "რუსთავის წყლის" წინააღმდეგ საჩივარიც დაწერეს. სემეკმა კომპანია 2022 წელს 50 000 ლარით დააჯარიმა, რის შემდეგაც, მარეგულირებლის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ "რუსთავის წყალი" ქალაქში ინვესტიციის მოცულობას გაზრდიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები