“რუხი დედოფლის” მიერ წარმოებული თაფლი, შესაძლოა, მალე საფრანგეთის ბაზარზეც გაიყიდოს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა თამარ კვარაცხელიამ გადაცემა "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა, პარტნიორებმა სამეგრელოში, კერძოდ, წალენჯიხაში, საწარმოო პროცესიც დაათვალიერეს.
მისივე თქმით, "რუხი დედოფლის" თაფლით დაინტერესებულია, როგორც ქსელური მარკეტი, ასევე კომპანია, რომელსაც თაფლის გამოყენება კოსმეტიკური მიმართულებით სურს.
“გარდა საფრანგეთისა, აქტიური მოლაპარაკება დიდ ბრიტანეთთანაც გვაქვს, თუმცა ამ ეტაპზე პრიორიტეტი მაინც აღმოსავლური ქვეყნებია, რადგან აღმოსავლეთის ქვეყნებში თაფლის მირთმევის კულტურა უფრო განვითარებულია, ბაზარიც უფრო მასშტაბურია, ევროპაში კი მოთხოვნა ნაკლებია. ქართული ბაზარიც მცირეა, რადგან მაღაზიებში დიდი რაოდენობა არ იყიდება, ონლაინ უფრო ბევრს ვყიდით, ამიტომ პრიორიტეტი თავიდანვე ექსპორტი იყო.
რაც შეეხება კითხვებს, რომელიც უცხოელ პარტნიორებს პროდუქტის ექსპორტზე გატანამდე უჩნდებათ, მათ აინტერესებთ ვიყენებთ თუ არა ანტიბიოტიკებს, დამატებით კვებას, ასევე კითხვები აქვთ ფუტკრის გამოზამთრების პერიოდთანაც და რა თქმა უნდა, საწარმოსთან”, - განმარტავს თამარ კვარაცხელია.
ინფორმაციისთვის: კომპანია "რუხი დედოფალი", რომლის წლიური წარმადობა 8 ტონა თაფლია, ექსპორტზე აზიის რამდენიმე ქვეყანაში გადის, მათ შორის, ის კატარის ყველა "სპარის" ობიექტშია წარმოდგენილი.