თაფლის მწარმოებელი კომპანია „რუხი დედოფალი“ კორეაში საექსპორტო მოლაპარაკებებს აწარმოებს.
როგორც bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა თამარ კვარაცხელიამ განუცხადა, საუბარია საკმაოდ დიდ მოცულობაზე და ეს კომპანიისთვის ყველაზე დიდი საექსპორტო შეთანხმება იქნება.
მისივე თქმით, კომპანიისთვის პრიორიტეტი აზიის ბაზარია, რადგან ევროპაში თაფლი უფრო ნაკლებ საფასო სეგმენტში იყიდება.
„საექსპორტო მოლაპარაკებას კორეაში ვაწარმოებთ. საუბარია დიდ მოცულობაზე და ვფიქრობ, ეს იქნება ჩვენი ყველაზე დიდი საექსპორტო პროექტი. „რუხი დედოფლის“ თაფლი კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროში, ქუვეითში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთში იყიდება. რაც შეეხება ევროპას, ჩვენთვის ეს ბაზარი პრიორიტეტული არ არის, რადგან აქ თაფლი უფრო იაფი ღირს, ამიტომ, ავირჩიეთ აზია, სადაც თაფლი უფრო დაფასებული პროდუქტია“ - ამბობს „რუხი დედოფლის“ დამფუძნებელი.
„რუხი დედოფალის“ საწარმო წალენჯიხაში მდებარეობს. კომპანის წლიური წარმადობა 8 ტონა თაფლია და ის ოთხი სახეობის: აკაციის, ცაცხვის, წაბლის, მინდვრის ყვავილების თაფლს აწარმოებს.
აღსანიშნავია, რომ „რუხმა დედოფალმა“ ლონდონის თაფლის საერთაშორისო 2021 წლის დაჯილდოებაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.