მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საჭიროა დიპლომატიური დემარში" - ჩეჩელაშვილი მინსკში აფხაზური სავაჭრო ცენტრის გახსნაზე

63c529d361613
გიგა ბენია
17.01.23 09:58
1083
რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, ვალერი ჩეჩელაშვილი ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან მინსკში სავაჭრო ცენტრის გახსნის გეგმასა და ოკუპირებულ სოხუმსა და მინსკს შორის გააქტიურებულ ურთიერთობას აფასებს. როგორც ვალერი ჩეჩელაშვილმა bm.ge-ს განუცხადა, საქართველოს ხელისუფლებამ ბელარუსს დიპლომატიური დემარში უნდა გამოუცხადოს, საერთაშორისო პარტნიორები კი საქმის კურსში ჩააყენოს.

"ეს არის მცდელობა, რომ მარიონეტული რეჟიმის ე.წ. ლეგიტიმურობის ხარისხი მაღალ დონეზე აიწიოს. ეს უნდა გახდეს ჩვენი პროტესტის საფუძველი, რადგან აღნიშნული სამართლებრივ სტატუსს ეწინააღმდეგება. ეს უნდა გახდეს დიპლომატიური დემარშის საფუძველი. მთავრობამ საერთაშორისო პლატფორმებზე უნდა გააგრძელოს მუშაობა, რათა მივიღოთ გაძლიერებული მხარდაჭერა არ აღიარების პოლიტიკის კონტექსტში. ამისთვის კი ჩვენ უნდა გვქონდეს ხარისხიანი ავტორიტეტი და რეპუტაცია, რითიც სამწუხაროდ, ვერ დავიკვეხნით“,-აცხადებს ვალერი ჩეჩელაშვილი.

ამასთან, ყოფილი ელჩი აღნიშნავს, რომ უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების შემდეგ, საქართველოს გაუჩნდება შანსი, საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს.

„სამწუხაროდ, აფხაზეთის დღევანდელი ე.წ. მთავრობა ვერ იაზრებს ფაქტს, რომ მოძალადეებთან და მკვლელებთან [რუსეთთან] თანამშრომლობს. მათ მცდელობებს სინამდვილეში დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან დღეს ყველაფერი უკრაინაში, ბრძოლის ველზე წყდება. რუსეთის გარდაუვალი დამარცხების შემდეგ, არათუ ეს წვრილი გეგმები, არამედ გეოპოლიტიკური ვითარება სრულიად შეიცვლება და მივიღებთ საშუალებას, აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. სწორედ, ამიტომ, აუცილებელია აფხაზებთან კომუნიკაცია“,-აცხადებს ვალერი ჩეჩელაშვილი.

ოკუპირებული აფხაზეთი მინსკში სავაჭრო ცენტრის გახსნას გეგმავს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები