მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სადაზღვევო კომპანიები გარბიან, როცა უშვილობას უხსენებ... ეს არის სახელმწიფო პოლიტიკა?!" - არჩილ ხომასურიძე

64900b43f19a6
ელენე გოგბერაშვილი
20.06.23 11:52
601
რეპროდუქტოლოგიის ასოციაცია წლებია ჯანდაცვის სამინისტროს სთხოვს, ხელოვნური განაყოფიერების გზით უშვილობის პრობლემის გადაწყვეტა მოქალაქეებს სახელმწიფომ დაუფინანსოს, თუმცა, მისი თქმით, ამ დრომდე საქართველო ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სახელმწიფო მოქალაქეს უშვილობის პრობლემის გადაწყვეტას ხელოვნური განაყოფიერების გზით არ უფინანსებს. ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოში ეს პრობლემა დაახლოებით 100 000 უშვილო წყვილს აქვს.

„ევროპაში, საქართველოს გარდა, არ არის არცერთი ქვეყანა, სახელმწიფო არ აფინანსებდეს ინ ვიტრო განაყოფიერების თუნდაც ერთ მცდელობას. სრული ანაქრომიზმია, რუსეთიც კი ორ მცდელობას აფინანსებდა, ისრაელი ყველა მცდელობას. საქართველოში ეს თემა საერთოდ იგნორირებულია.

მეტსაც გეტყვით, სადაზღვევო კომპანიებს როცა უხსენებ უშვილობას, გარბიან, თითქოს კეთროვნები ვიყოთ ჩვენ, ექიმები. ეს არის სახელმწიფო პოლიტიკა?! სახელმწიფო სადაზღვევო სისტემამ არ უნდა დააზღვიოს უშვილობის მკურნალობა საქართველოში?!

ამას ვწერ სულ, ამას მოვითხოვ, ვამტკიცებ, ვერ გავაგებინე, რომ თუ პროცესები შობადობის და დემოგრაფიული თვალსაზრისით ასე გაგრძელდა, 2050 წლისთვის ჩვენი პრაქტიკული შეფასებით და არამარტო ჩვენი, საქართველოში ქართველები დავრჩებით უმცირესობაში“,-აცხადებს რედაქტ2-თან ინტერვიუში არჩილ ხომასურიძე.

მისი თქმით, ინ ვიტრო განაყოფიერების გზით უშვილობის პრობლემის გადაწყვეტა საკმაოდ ძვირად ღირებული სერვისია, ამიტომ მნიშვნელოვანია სახელმწიფომ დახმარება გაუწიოს იმ უშვილო წყვილებს, რომლებსაც შესაბამისი ფინანსური სახსრები არ აქვთ.

"7-8 ათასია ინ ვიტრო განაყოფიერების ფასი, გარანტიის გარეშე, ძვირია ძალიან. ეფექტიანობა 40%-ს არ აღემატება. მსოფლიოს ყველაზე კარგ კლინიკებში ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკური ეფექტიანობა არ აღემატება 40%-ს და მიდის ქვემოთ. მიდის ქვემოთ არა იმიტომ, რომ პროგრესი არ ხდება, ტენდენციაა ასეთი, ქალები 20-25 წლის ასაკში მაინცდამაინც არ აჩენენ შვილებს, უფრო კარიერას უთმობენ დროს და 35 წლის ასაკში ახსენდებათ. ამიტომ ეფექტიანობა დაბალია“,-აცხადებს რეპროდუქტოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები