ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტს "დეოლიგარქიზაციის" კანონისა და "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნა გაუგზავნა. ამის შესახებ დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ვენეციის კომისიას „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნა არ აქვს. რაც შეეხება დეოლოგარქიზაციის შესახებ კანონს, ამ მიმართულებით გარკვეული რეკომენდაციები არსებობს.
„როგორც იცით, ვენეციის კომისიას ჰქონდა სხდომა 10-11 მარტს, რომელზეც განხილული იქნა დასკვნები დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით და ასევე, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით. ჩვენ ეს დასკვნები უკვე მოგვეწოდა წინასწარ.
რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს, როგორც გახსოვთ, აქ საუბარი იყო ორ საკითხზე პოლიტიკურ დისკუსიაში, ერთი - რამდენად იყო ეს მართლაც უკრაინული კანონის თარგმანი და მეორე - ჰქონდა თუ არა საქართველოს კონტექსტით გათვალისწინებული უფლება, რომ მიეღო იგივე კანონი, რომელიც არის უკრაინაში. ეს, რა თქმა უნდა, ჰგავს იგივე დისკუსიას, რომელიც ჩვენ გვქონდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე. იქაც იგივე იყო, რამდენად იყო ეს ამერიკული და რამდენად ჰქონდა საქართველოს, ამერიკისგან განსხვავებით უფლება, რომ ასეთი კანონი მიეღო. ორივე საკითხზე ვენეციის კომისიას აქვს ნამსჯელი და არის თუ არა ეს უკრაინული კანონი, მან თქვა, რომ კი და ერთადერთი სხვაობა ამ ორ კანონს შორის არის ის, რომ უკრაინის შემთხვევაში რეესტრს აწარმოებს პრეზიდენტთან არსებული უსაფრთხოების საბჭო, ხოლო საქართველოს შემთხვევაში მთავრობა, რაც გასაგებია, ვინაიდან საქართველოში პრეზიდენტს აქვს სხვა ფუნქციები.
და მეორე, შეიძლება თუ არა საქართველომ მიიღოს ასეთი სახის კანონი, ამაზეც აქვს ნამსჯელი და რაიმე წინააღმდეგობა ამასთან დაკავშირებით არ არის. აქვს რეკომენდაციები შემუშავებული, რომელზეც ჩვენც გვქონდა საუბარი, როდესაც ამ პროექტს განვიხილავდით, რომ ტერმინოლოგია იყო უფრო მკვეთრად დასაზუსტებელი. მაგალითად, რას ნიშნავს პოლიტიკაში მონაწილეობა, მედიაზე გავლენა და ა.შ. ასევე, პროცედურული დაცვის მექანიზმები, გასაჩივრების უფლება და ა.შ. ასევე, რაც შეეხება შედეგებს, მისი პროპორციულობის უზრუნველყოფა. არის კონკრეტული რეკომენდაციები. ამ რეკომენდაციებს, რა თქმა უნდა, განვიხილავთ და ამის შესაბამისად იქნება გადაწყვეტილება მიღებული.
რაც შეეხება საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებას, იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენ შევიმუშავეთ, რაიმე შენიშვნა ვენეციის კომისიას არ გააჩნია. ამასთან ერთად აქვს წინადადებები დამატებით საკითხებთან დაკავშირებით, ვინაიდან ვენეციის კომისიამ იმსჯელა არა მხოლოდ ამ პროექტზე, არამედ, ზოგადად, შეაფასა ბოლო 2-3 წლის განმავლობაში მისივე გამოცემული რეკომენდაციები და ამ ჭრილში განიხილა. აქვს დამატებითი რეკომენდაციები, რომლებზეც, ასევე, გვექნება მსჯელობა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ ორივე პროექტთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნა მომავალი კვირისთვის გამოქვეყნდება.