მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამუშაო პირობები არ გაუარესებულა" - საგანგებო სიტუაციების ცენტრი ექიმებსა და მძღოლებს პასუხობს

63bea5a2d0f1e
გიგა ბენია
11.01.23 16:09
1033
საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი იმ ექიმებსა და მძღოლებს პასუხობს, რომლებმაც დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. ექიმები და მძღოლები ხელფასების ზრდას, ე.წ.მე-13 ხელფასის სრულად ჩარიცხვას, სასწრაფოს მანქანების დაზღვევასა და ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვენ.

ცენტრის მიერ bm.ge-თვის მოწოდებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თანამშრომელთა სამუშაო პირობები არ გაუარესებულა და გავრცელებული ინფორმაცია არასწორია.

კერძოდ, განცხადებაში წერია:

"• 2022 წელს დაწესდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალისთვის უქმე დღეებში ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება და 125%-იანი ტარიფით განისაზღვრა; 
• შეიცვალა და გაიზარდა ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ანაზღაურება, რაც სახელფასო საათობრივი ანაზღაურების 12%-ით განისაზღვრა;
• 2022 წელს ცენტრის თანამშრომლებს სამჯერ დაერიცხათ სახელფასო დანამატი;
• 2023 წლის დასაწყისიდან ისევე როგროც სხვა საჯარო მოხელეთა, ასევე ცენტრის თანამშრომელთა ხელფასები 10%-ით გაიზარდა;
• 2022 წელთან შედარებით, 2023 წელს, ცენტრის თანამშრომლები ისარგებლებენ ჯანმრთელობის დაზღვევის გაუმჯობესებული პაკეტით. ამ მიმართულებით ცენტრის ადმინისტრაცია სატენდერო პროცესებს ახორციელებს.
• ასევე, არ შეესაბამება სიმართლეს ავტომობილების დაზღვევის გაუქმებასთან დაკავშირებული გავრცელებული ინფორმაცია. მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან დაზღვეულია ცენტრის ავტოპარკში არსებული ყველა ავტომობილი".

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ მზად არიან თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გაგრძელდეს.

აღსანიშნავია, რომ თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა დღეს, საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ გაიმართა, თუმცა შეხვედრიდან გამოსულმა სასწრაფოს ექიმებმა, მძღოლებმა და „პროფკავშირების“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ შეთანხმება ვერ შედგა. მათი ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ჯანდაცვის სამინისტროსთან მასშტაბური აქცია გაიმართება, სადაც ცენტრის ხელმძღვანელების გადადგომას მოითხოვენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები