გურჯაანში მდებარე კოოპერატივ “გილეს”, რომელიც სხვადასხვა კენკროვანი კულტურის მოყვანით არის დაკავებული, სარწყავი სისტემის პრობლემები აქვს.
როგორც გილეს დამფუძნებელი იზოლდა ქიტესაშვილი bm.ge-სთან აღნიშნავს, სარწყავი სისტემის პრობლემა უკვე წლებია აქვთ, შედეგად კოოპერატივი საჭირო მოცულობისა და ხარისხის პროდუქტს ვერ იღებს, ასე კი ბაზარზე არსებულ მოთხოვნას სრულად ვერ აკმაყოფილებს.
მისივე თქმით, სარწყავი სისტემა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით გაკეთდა, თუმცა უხარისხოდ წარმართული სამუშაოების გამო მალევე დაზიანდა. კოოპერატივი "გილე", რომელიც 11 წევრს აერთიანებს, მიმდინარე წელს დაახლოებით 10 ტონა მაყვლის მოსავალს აიღებს, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე გაყიდის.
“სარწყავი სისტემა დღესაც პრობლემაა. განსაკუთრებით პრობლემაა ზაფხულში. მსოფლიოს ბანკის დაფინანსებით, სარწყავი სისტემა გაკეთდა, თუმცა უხარისხოდ. კიდევ უნდა შეეკეთებინათ, მაგრამ ამ დრომდე მოუწესრიგებელია. ნებისმიერ სტრუქტურასთან ამაზე საუბრით დავიღალეთ. ჩვენი ბაღებიდან ნახევარ კილომეტრიდან გვიწევს მილების მოყვანა. სარწყავი სისტემის გარეშე არაფერი ხარობს. იკარგება ხარისხი და ვერც იმ რაოდენობას ვიღებთ, რა რაოდენობაც შეგვიძლია”, - ამბობს ფერმერი.