მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესს ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin 2023 საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. გამოფენაზე საქართველოს მთავარი კონცეფციაა „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“. ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 44 ტუროპერატორთან და 23 სასტუმროსთან, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, თბილისის მერიასთან, ტურისტულ ასოციაციებთან, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციებთან ერთად არის წარდგენილი. კერძო სექტორისთვის გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგისა და კომუნიკაციების მენეჯერი თათია ჩიკვაიძე.
“ITB ბერლინის გამოფენაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც ჩვენი სასტუმროს, ისე ქვეყნის ტურიზმის პოტენციალის წარმოსაჩენად. განსაკუთრებით, როდესაც წელს საქართველო არის მასპინძელი ქვეყანა, საშუალება გვეძლევა 60 000-ზე მეტ ვიზიტორს გავაცნოთ საქართველოს ტურისტული პოტენციალი და ჩვენი პროდუქტები/სერვისები. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მსგავს გამოფენებში მონაწილეობა ხელს შეუწყობს ჩვენს სასტუმროს ბაზარზე დამკვიდრებაში.” - აცხადებს სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგისა და კომუნიკაციების მენეჯერი თათია ჩიკვაიძე.
ცნობისთვის, 2019 წელს, მსოფლიო პანდემიამდე ITB Berlin-მა მსოფლიოს 181 ქვეყნიდან გამოფენის 10 ათას მონაწილეს უმასპინძლა. გამოფენას 160 ათასი სტუმარი ჰყავდა. გამოფენას მედიის 5000-მდე წარმომადგენელი აშუქებდა.