პრემიალური ალკოჰოლის სადისტრიბუციო კომპანია Gd alco მიმდინარე წელს სასმლის გაყიდვებით 2019 წლის მაჩვენებელს 20%-ით ჩამორჩება.
როგორც კომპანიის გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი ბექა კიკნაძე bm.ge-სთან აცხადებს, 2019 წელი პრემიალური ალკოჰოლისთვის ყველაზე წარმატებული იყო, შესაბამისად, ამ ნიშნულს, ჯერჯერობით, ვერ დაუბრუნდნენ,. თუმცა მისივე თქმით, ჰორეკა სექტორის გახსნის გამო, 2020 წელთან შედარებით კომპანიას ზრდა აქვს.
“პრემიალური ალკოჰოლი სწრაფად აღდგენადი სეგმენტია, შესაბამისად, მოთხოვნა ამ არხში სწრაფადვე დაბრუნდა, თუმცა 2019 წლის ნიშნულს 20%-ით მაინც ჩამოვრჩებით. რაც შეეხება შემოსავალებს, იმის მიუხედავად, რომ ლარში ზრდა გვაქვს ეს პროდუქტის გაძვირებით არის გამოწვეული და ევროსა და დოლარში გადაყვანისას ამ მაჩვენებელს ვერ მივიღებთ. ამ ეტაპისთვის სექტორში ორი მთავარი პრობლემა რჩება = ერთ-ერთი ლოგისტიკური ჯაჭვის პრობლემაა, სასმლის მოწოდების მხრივ შეფერხებებია; კიდევ ერთი გამოწვევაა ის, რომ პრემიალური ალკოჰოლზე დიდ ბაზრებზე მოთხოვნის გაზრდის გამო, საქართველოსთვის პროდუქტი ნაკლებად ხელმისაწვდომია. რაც შეეხება 2022 წელს, ფასებს იმდენი პროცენტით გავზრდით, რამდენითაც ჩვენი მომწოდებლები გაგვიზრდიან”, - განმარტავს ბექა კიკნაძე.