მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სათხილამურო კურორტის შექმნა რაჭველებისთვის ხსნა იქნება’’ - ‘’ჰაერი"

635fc114f2134
თინათინ ნატმელაძე
06.11.22 18:30
1189
"ზამთრის სეზონზე რაჭის სასტუმროები მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგანან, ზაფხულში 100%-იანი დატვირთვით მომუშავეებს ზამთარში დაკეტვაც კი უწევთ, რადგან რაჭის ბევრ სოფელში საკომუნიკაციო არხები გაუმართავია - არ არის გაზი და წყალი, გადამხდელუნარიანი სეგმენტი კი ასეთ დროს ზამთრის კეთილმოწყობილ კურორტებზე დასვენებას ამჯობინებს", - ამის შესახებ "ჰაერის" დამფუძნებელმა გენა თაყვაძემ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა.

"ჰაერი" სამ კოტეჯს აერთიანებს და კურორტ უწერაში ერთადერთი სასტუმროა, რომელიც სირთულეების მიუხედავად, ფუნქციონირებას ზამთარშიც აგრძელებს.

"ზაფხულის სეზონზე ერთი დღეც არ გვაქვს თავისუფალი, შემოდგომაზე დატვირთვა 80-90%-ია, ზამთარში კი მდგომარეობა რადიკალურად იცვლება და დამსვენებლების რაოდენობა 40%-მდე მცირდება. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ რაჭას არ აქვს ზამთრის კურორტის მიმართულება, გადამხდელუნარიანი სეგმენტი კი დასვენებას ისეთ ადგილებში ამჯობინებს, სადაც სათხილამურო ტრასები და გამართული საკომუნიკაციო არხებია - უწერაში არ არის გაზი, რაც ზამთარში განსაკუთრებით დიდ პრობლემას ქმნის, რადგან გათბობა ელექტროენერგიაზე გვაქვს და ძალიან დიდი თანხის გადახდა გვიწევს, წყალიც ასევე გაუმართავად მოგვეწოდება და ამ სერვისის მოსაწესრიგებლად სპეციალური სამსახურიც არ არსებობს; გვიწევს, ჩვენი ავტომობილით, საკუთარი ხელებით და ხარჯით შევაკეთოთ დაზიანებები. უწერა, საერთო ჯამში, ველურ კურორტად რჩება, სადაც არც მარკეტებია, არც აფთიაქები და არც საჯარო სივრცეები, სადაც დამსვენებლები დროის გატარებას შეძლებენ.

"ჰაერი" ერთადერთი სასტუმროა უწერაში, რომელიც ზამთარშიც ფუნქციონირებს, ამიტომ, მოთხოვნაც რომ იყოს დამსვენებლების მხრიდან, ფიზიკურად ვერ დავაკმაყოფილებთ, ჩვენთან მხოლოდ 12 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი“, - აცხადებს გენა თაყვაძე.

გენა თაყვაძე BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ზამთარში დამსვენებლების მოზიდვის ერთადერთი გზა რაჭაში სათხილამურო კურორტის მოწყობაა.
"სათხილამურო კურორტის გაკეთება არის ის, რასაც ყველა რაჭველი უპირობოდ მოაწერს ხელს, რადგან ეს იქნება ხსნა და შვება, ზამთრის კურორტის არსებობა ახალ ისტორიას დაწერს რაჭის ისტორიაში. ამჟამად ადამიანებს უწევთ, რომ ზაფხულში დაგროვებული დანაზოგით გაიტანონ თავი ზამთარში", - ამბობს გენა თაყვაძე.

„ჰაერის“ სამომავლო გეგმების განხორცილება უწერაში საკომუნიკაციო არხების გამართვას უკავშირდება, მათ უნდათ, რომ სასტუმრო გააფართოონ, დაამატონ კოტეჯები და საკვები ობიექტი, რაც გაზის გარეშე შეუძლებელია.

„როცა უწერაში გაზი შემოვა, ვაპირებთ, რომ დავამატოთ კოტეჯები და, რა თქმა უნდა, გავაკეთოთ საკვები სივრცეც, რადგან მაგალითად, ტურისტებისთვის ყოველთვის პრიორიტეტია ისეთ სასტუმროში დასვენება, სადაც მომსახურებაში კვებაც შედის, უწერაში კი საკვები ობიექტები თითქმის არაა, განსაკუთრებით ზამთარში", - აცხადებს "ჰაერის" დამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ "ჰაერი" ერთი წლის წინ დამფუძნებლის პირადი ინვესტიციით შეიქმნა, რაც 200 000 ლარს შეადგენდა. ამჟამად აქ 4 ადამიანია დასაქმებული.

ცნობისთვის: კოტეჯში ღამის გატარების საფასური სეზონის მიხედვით იცვლება და 150-300 ლარს შორის მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები