საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ჰადას მეიცადთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
გიორგი ამილახვარმა ისრაელის ელჩს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი პარტნიორობისთვის და აღნიშნა, რომ ისრაელის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოში განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების კუთხით არაერთი ქმედითი ნაბიჯი იდგმება.
მინისტრმა განათლების სამივე საფეხურზე ერთობლივი ინიციატივების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პროფესიული განათლების მიმართულებით თანამშრომლობისა და ერთობლივი STEM პროგრამების შემუშავებისა და დანერგვის საკითხებზე.
თავის მხრივ, ისრაელის ელჩმა საქართველოში, ჰადას მეიცადმა განაცხადა, რომ ისრაელი კვლავ აქტიურად გააგრძელებს საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერას.