საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების გაცემის წესში ცვლილებები შედის. კერძოდ, თუ აქამდე სესხის მომსახურების კოეფიციენტის 25%-იანი მოთხოვნა 1000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდებოდა, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ეს ზღვარი 1500 ლარამდე იზრდება.
კითხვაზე თუ რა ასახვას პოვებს აღნიშნული ცვლილებები საბანკო სექტორზე, ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელი აცხადებს, რომ 1 აპრილიდან რეგულაციების ამოქმედების შემდეგ შემცირდება ფიზიკური პირების დაკრედიტება. მისი თქმით, ცვლილებები გავლენას მთლიანად საბანკო სექტორზე მოახდენს.
“ეროვნული ბანკის ახალი რეგულაცია ქვეყანაში ფიზიკური პირების დაკრედიტებას შეანელებს. ეს არის რეგულატორის გადაწყვეტილება, რომელსაც მიაჩნია, რომ იმაზე სწრაფად ვიდრე ეკონომიკა იზრდება და განსაკუთრებით იმ ფონზე როცა ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გადაიხედა, დაკრედიტება არ უნდა იზრდებოდეს. ამიტომ რეგულატორი ცდილობს, რომ თავი დაიზღვიოს. ეს ჩვენზე ასახვას ჰპოვებს, არამარტო ჩვენზე არამედ სრულად საბანკო სექტორზე. თუმცა ეს არის რეალობა რაც, სამწუხაროდ, გვაქვს.”-აცხადებს “ლიბერთი ბანკის” გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელი.
ამასთან, 1 მაისიდან ცვლილებები შედის იპოთეკური სესხების გაცემის წესშიც. ახალი პირობების მიხედვით, ბანკებს მოუწევთ მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასების დროს გაითვალისწინონ კრედიტის საპროცენტო განაკვეთის შოკის რისკის ალბათობა, რომელიც 3 პროცენტული პუნქტით იქნება განსაზღვრული.
ცნობისთვის, საბანკო ასოციაცია ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.