ერთ-ერთი შვედური ტურისტული კომპანიის ჯგუფი საქართველოში აღარ ჩამოდის, ამის მიზეზად კი რამდენიმე დღის წინ თბილისში მომხდარი ძალადობრივ ფაქტებს ასახელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურების ორგანიზატორი და Kartwell-ის დამფუძნებელ მინდია ბაჟუნაიშვილი ავრცელებს და ტურის გაუქმების წერილსაც აქვეყნებს.
"იცით ეს რას ნიშნავს? 10 თვე დამჭირდა, რომ შვედების ჯგუფისგან საბოლოო თანხმობა მიმეღო. ეს არის ჯგუფი, რომელიც 6 წელია მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში და პოპულარიზაციას უწევს სხვადასხვა ადგილებს. შვედური ტურისტული კომპანიაა, რომლებიც საქართველოს შესასწავლად დავპატიჟე და 10-თვიანი ლოდინის შემდეგ თანხმობა მივიღე. მათ ტური იყიდეს ჩემგან. ჰო იმისთვის, რომ საქართველოში შემდგომში ტურისტები გამოეგზავნათ. მათ 14 000-ევროიანი პაკეტი იყიდეს და ამ თანხას ჩვენთან დახარჯავდნენ.
4 აგვისტოს ჩამოვიდოდნენ რომ არა გადარეული ორკები რუსთაველზე.
გუშინ ღამით მომივიდა შეწყვეტის მეილი. გააუქმეს ჩვენი ტური და თურქეთისკენ აიღეს გეზი. დავკარგეთ პოტენციური კლიენტები, სამომავლოდ არ ვიცი რამდენი ტურისტი.
ჰოდა მთავარი მიზეზი იცით რა არის? "ჩვენ ჯგუფს შეიძლება პრობლემა შეექმნას განსხვავებული სტილის გამოო".
ანუ კავკასიური ღიპი თუ არ აქვს, ყანწს ვერ გადაგრიხავს ხელზე, წვერს მოიწესრიგებს, დრედებს გაიკეთებს თუ საყურეს შესაძლოა ქუჩაში ვინმემ გაუსწორდეს. კი ეგრეა და ნუ დამიწყებთ კომენტარებში შემოხტომებს. ყველა ვერ იქნება ერთნაირი და საბოლოოდ ვისწავლოთ განსხვავებულის პატივისცემა, მიმღებლობა და სოლიდარობა.
ვისაც ეს უკვე შეგვიძლია ჩვენ მაინც შეგვარგეთ ცხოვრება და იმედებს, ნაშრომს და მომავალს მაინც ნუ ჩაგვიყრით წყალში.
ეს "სქრინი" დასტურია იმის, რომ ვერასდროს განვითარდება ქვეყანა თუ ერთხელ და სამუდამოდ ვერ ჩამოყალიბდება რა უნდა.
მარტო მე არ ვარ დაზარალებული, დაზარალდა კიდევ ორი გიდი, ორი მძღოლი, ოთხი სასტუმრო, ექვსი მუზეუმი, რვა რესტორანი და კიდევ ვინ იცის რამდენი მაღაზია, სუვენირების დახლი, ვალუტის ჯიხური თუ სხვა.
ასე ჩამოიქცევა ეკონომიკა, ხავსი მოედება ძეგლებს და მერე ირბინეთ ჩოხით. ჰო, ჩოხის კალთის ქამარში ჩადება არ დაგავიწყდეთ და ტაბურეტზე მყარად დასხედით.
მესამე წელია უაზრო ქმედებებით ქვეყანა ჩავაქვესკნელეთ აქტიური სეზონის წინ. არ გაჩერდეთ, ჯერ სული გვიდგას მაინც და ეგეც ამოვართვათ ხალხს", - წერს მინდია ბაჟუნაიშვილი.