თაფლის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტი ბევრი ქართული კომპანიისთვის დღემდე გამოწვევად რჩება და მის მოსაგვარებლად ქვეყანაში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობაა საჭირო. “თაფლი 5 500-ის” დამფუძნებელმა ბესიკ ექსეულიძემ “საქმიან დილაში” ევროკავშირის ბაზრებზე და იქ არსებულ გამოწვევებზე საუბრისას აღნიშნა, რომ კომპანიის ამჟამინდელი მთავარი გეგმა და მიზანი ევროკავშირის ბაზრის ათვისებაა და მისთვის შესაბამისი რაოდენობის მიწოდებაა საჭირო, ხოლო ამისთვის შესაბამისი ლაბორატორია უნდა არსებობდეს.
“ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, გარკვეული რეგულაციები უნდა დავაკმაყოფილოთ, პრობლემა არ არის ისეთი, რომ ვერ დავძლიოთ; ყველაფერი მიღწევადია. ჩვენს შემთხვევაში პირველი პრობლემა სწორედ რაოდენობაა, რადგან თუ ევროკავშირის ბაზარზე ერთხელ შევალთ, აუცილებელია, შემდგომ მისი მომარაგება სტაბილურად უზრუნველვყოთ. მინიმუმ დაახლოებით 8 ტონის დაკმაყოფილებაა საჭირო, რათა კომპანია ევროკავშირის ბაზარზე გავიდეს.
საქართველოსთვის ლაბორატორია დიდი პრობლემაა, მეტი ფინანსები გვჭირდება, რომ სინჯების გაგზავნა ბალტიისპირეთში მოხდეს და შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები ჩატარდეს, ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ევროკავშირი მხოლოდ ერთი მცენარისგან წარმოებულ თაფლს გვთხოვს. ამისთვის აუცილებელია დიდი რაოდენობით ფუტკრის ოჯახები. ამის მიღწევა საქართველოში შესაძლებელია, ყველაფერი ფუტკრის ოჯახებზეა დამოკიდებული. საქართველოში არიან მეფუტკრეები, რომლებსაც ფუტკრის დიდი ოჯახები ჰყავთ და ამის მიღწევა შეუძლიათ, თუმცა ამ ნაწილში პრობლემად ლაბორატორია და შესაბამისი ხარისხის მიღება რჩება. თუ ჩვენ ევროკავშირის ბაზარზე წლიურ მარაგად 8 ტონა თაფლს შევიტანთ და მას ერთ რომელიმე კონკრეტულ ქსელს მივაწვდით, ეს მარაგი არ უნდა ამოგვეწუროს, ის თაფლი სხვა თაფლით არ უნდა ჩავანაცვლოთ, რადგან თუ დარღვევებს აღმოგვიჩენენ, ევროკავშირის მექანიზმის მიხედვით, ამ ბაზარს კომპანია სამუდამოდ დაემშვიდობება", - განაცხადა ექსეულიძემ.