ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ გელა კვაშილავას შეფასებით, ტაქსის ნებართვების ფასიანი ქაღალდის ფორმით გაცემა დარგს დაარეგულირებს. ამის შესახებ მან თბილისის მერის კახა კალაძის სატრანსპორტო პოლიტიკის წარდგენის შემდეგ BM.GE-ს განუცხადა.
მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით ასეთი ნებართვების გაცემა ლიმიტირებულია, რაც სექტორში მოქმედი სუბიექტების შესახებ კარგ სურათს იძლევა.
„ბევრ ქვეყანაში საკუთრებაში არსებული ლიცენზიები გარკვეული რაოდენობით გამოდის და ეს ფასიანი ქაღალდია, რომელსაც მესაკუთრე იყენებს. მათ აქვთ კონკრეტული რაოდენობა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ სფეროში საქმიანობის დაფასება ხდება და ქალაქში ტაქსების კონტროლი უკეთესად ხორციელდება, რადგან ცნობილი იქნება რამდენი ტაქსია. ამას წლები სჭირდება და ბევრ ქვეყანაში ეს ჩვეულებრივი საქმიანობაა, რომელიც ლიცენზიით ფასიანი ქაღალდის საფუძველზე ხორციელდება“, - განაცხადა კვაშილავამ.
ცნობისთვის, ტაქსის რეფორმის III ეტაპის მიხედვით ტაქსის ნებართვა ფასიანი ქაღალდი იქნება, რომლის მფლობელს მისი გაქირავება და გაყიდვა შეეძლება. თბილისის მერმა პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ რეფორმის ამ ეტაპის დეტალურ ჩაშლას უახლოეს პერიოდში მოახდენს.