„თეგეტა ჰოლდინგმა“ „თიბისი კაპიტალის“ მხარდაჭერით, 150 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები გამოუშვა, რაც საქართველოს ისტორიაში ლარში დენომინირებული კორპორაციული ობლიგაციების ყველაზე დიდი ემისიაა, ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზარზე კი - სიდიდით მეორე. გამოშვებული ობლიგაციის ფასი TIBR+3.5%-ით განისაზღვრა. „თეგეტა ჰოლდინგის“ გეგმით, ობლიგაციების ემისიის შედეგად მობილიზებული 150 მილიონი ლარი სასესხო ვალდებულებების რეფინანსირებას სრულად მოხმარდება. ობლიგაციების სრული ძირის თანხის დაფარვა გათვალისწინებულია 3 წლის შემდეგ, კუპონის საპროცენტო განაკვეთი კი ყოველკვარტალურად დაიფარება.
„თეგეტა ჰოლდინგის“ მიერ განთავსებული ობლიგაციების ინვესტორები ძირითადად ქართული ბანკები და სადაზღვევო კომპანიები არიან. ინვესტორთა ბაზა დივერსიფიცირებულია და არცერთი ინვესტორის წილი არ აღემატება განთავსების 30%-ს. ეს ობლიგაციები „თიბისი კაპიტალის“ მიერ წელს რიგით მე-11 განთავსებაა, რაც საქართველოს კაპიტალის ბაზრისთვის რეკორდული რაოდენობაა. წლის განმავლობაში განთავსებების ჯამურმა თანხამ 1,5 მილიარდ ლარს გადააჭარბა. რაც შეეხება “თეგეტას”, კომპანიამ პირველი წარმატებული ემისია 2019 წელს განახორციელა და 30 მილიონი ლარის ობლიგაციები გაანაღდა. მომდევნო წელს „თეგეტა ჰოლდინგი“ კაპიტალის ბაზარზე გააქტიურებასა და საერთაშორისო საფინანსო კომპანიებისთვის მწვანე ბონდების გამოშვებას გეგმავს.
სტუმარი: ნიკა მაღლაფერიძე - "თეგეტა ჰოლდინგის" სტრატეგიული დაგეგმვისა და ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;