მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თეგეტა“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულია - გრანტი მწვანე ემისიის განხორციელებას მოხმარდა

64a7eaef75b7e
BM.GE
07.07.23 14:27
571
ევროკავშირის, EBRD-ის, Glat&Taggart-ისა და BDO Georgia-ს მხარდაჭერით განხორციელებული პროგრამის ფარგლებში, ავტოინდუსტრიის ლიდერმა კომპანიამ, თეგეტა ჰოლდინგმა გრანტი ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსებისთვის მიიღო, - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემა “საქმიან დილაში” “თეგეტა ჰოლდინგის” ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მანანა ხინაშვილი საუბრობს.

18-თვიან პროგრამაში 13 სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი 21 აპლიკანტი მონაწილეობდა, რომელთა დეტალური დიაგნოსტიკის შემდეგაც დამოუკიდებელმა კომიტეტმა გამარჯვებულები შეარჩია.

“შარშან მაისის თვეში დავრეგისტრირდით, წარვადგინეთ ფინანსური ინფორმაცია, კომპანიის პროფილი, დეტალური ინფორმაცია “თეგეტას” ისტორიასა და მიღწევებთან დაკავშირებით. შემდეგ ფინანსურ ნაწილში დეტალური ანალიზი გავაკეთეთ, სადაც Galt&Taggart-ისა და BDO-ს დახმარებით შეფასებითი ნაწილიც გავიარეთ და სექტემბრისთვის უკვე ჩავხურეთ ინფორმაციის მიმოცვლის პერიოდი”, - ამბობს მანანა ხინაშვილი.

მისი თქმით, პროექტში გამარჯვება კომპანიისათვის ერთგვარი დადასტურებაა, რომ მათი ემისიების პროექტი წარმატებით მიმდინარეობს.

“ფინანსურ ინცენტივზე მნიშვნელოვანი და ღირებული სახელი და გამარჯვებაა, და ერთგვარი აღიარება საზოგადოებისგან, რითაც ჩვენი პროექტის წარმატება დადასტურდა.

მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ის იყო, რომ შეიქმნა ერთგვარი პროფესიული საზოგადოება, რომელმაც ერთმანეთისთვის ცოდნის, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება შეძლო და, ვფიქრობ, სწორედ ამან მოგვცა ეს შედეგი”, - ამბობს “თეგეტა ჰოლდინგის” წარმომადგენელი.

ხინაშვილის თქმით, მსგავსი საერთაშორისო პროგრამებისა და “თეგეტას” მსგავსი კომპანიების წარმატება სხვადასხვა დამწყებ თუ უკვე განვითარებულ კომპანიებს ფასიანი ქაღალდების გამოშვებისთვის წაახალისებს.

“როდესაც იქმნება ასეთი პრეცედენტი და გავდივართ საერთაშორისო კომპანიებთან, რომლებიც ახდენენ ჩვენს სერტიფიცირებასა და დეტალურად განიხილავენ პროექტის შესაფერისობას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის გამოცდილება, რომელსაც ჩვენს პროფესიულ საზოგადოებაში გავაზიარებთ.

ვთვლით, რომ “თეგეტას” მაგალითი არის ღირებული არა მხოლოდ კომპანიისა და პროფესიული საზოგადოებისთვის, არამედ ეს ერთგვარი წახალისებაა იმ კომპანიებისთვის რომლებიც ფასიანი ქაღალდების განთავსებას ცდილობენ”, - განაცხადა მანანა ხინაშვილმა BMG-ზე სტუმრობისას.


(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები