მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თხილის წარმოებით და რეალიზებით საქართველოში 70 000 ოჯახი იკვებება" - ასოციაცია

6332f293094d9
ვიქტორია მღებრიშვილი
27.09.22 17:00
904
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მერაბ ჭითანავას განცხადებით, მსოფლიო თხილის ბაზარზე საერთაშორისო მოთამაშეების პოზიციები იმდენად მყარია, რომ თუ საქართველო თხილის ხარისხს არ გააუმჯობესებს, მაშინ სექტორში პრობლემის გამოსწორებას ათწლეულები დასჭირდება. ამის შესახებ დარგის წარმომადგენელმა გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა.

მისი თქმით, თხილის წარმოებითა და რეალიზებით დღეს საქართველოში შემოსავალი 70 000 ოჯახს აქვს.

„სექტორში დროის გასვლასთან ერთად გამოწვევები იზრდება. მსოფლიო ბაზარზე თხილის სექტორში ძალიან ბევრი აქტიური და ძლიერი მოთამაშეა. აზერბაიჯანის თხილის სექტორი გაძლიერდა და ძალიან მაღალ დონეზეა, საუკეთესო მოსავალი აქვთ თავისი პლუსებით და მინუსებით. წამოვიდა აშშ, რომელსაც ყოველწლიურად ძალიან მაღალი, პრემიუმ კატეგორიის მოსავალი აქვს; ჩილე გამოჩნდა ბაზარზე და ჩვენი დაკვირვებით მესამე სეზონია 700 000 ტონაზე მეტი მოსავალი აქვთ, როცა 5 წლის წინ 550 000 ტონა მოსავალი ჰქონდათ.

ეს ყველაფერი ჩვენ ერთი ფაქტის წინაშე გვაყენებს - ან გავალთ პრემიუმ ხარისხზე და ჩვენს ნიშს დავიმკვიდრებთ ბაზარზე, და ეს არის თხილი, რომელსაც თავისი გემოვნური თვისებები აქვს, შენი მომხმარებელი სხვაგან აღარ წავა და ქართული თხილის მომხმარებელი გახდება, ან ეს სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს, რომლის გამოსწორებასაც ათწლეულები დასჭირდება და არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ამით საქართველოში 70 000 ოჯახი იკვებება“, - განაცხადა მერაბ ჭითანავამ.

ინფორმაციისთვის: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის 1 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 8 თვის განმავლობაში საქართველოდან 105.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ხილი და კაკლოვნებია ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 9.5%-ით აღემატება. აღნიშნულ პერიოდში თხილის ექსპორტის ღირებულებამ 45.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.6%-ით აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები