მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უკვე მიწებს ეძებენ რეგიონებში" - უძრავი ქონების ასოციაცია რუსეთიდან შემოდინებაზე

63315aa53dcc2
ინგა მურუსიძე
26.09.22 12:31
1241
რუსეთში, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზების გამოცხადების შემდეგ საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რიცხვი რადიკალურად გაიზარდა. ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ავტომანქანების საცობებია. რუსეთის მოქალაქეები შემოდიან ოჯახებით, ავტომანქანებით და ველოსიპედებით, ქირაობენ სახლებს თბილისსა და ბათუმში, თუმცა, როგორც უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარემ ვაჟა მებაღიშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, რუსეთის მოქალაქეებს ფასებთან დაკავშირებით მოლოდინები გაუცრუვდათ და ახლა ბინებთან ერთად, მიწებს ეძებენ, მათ შორის თბილისის მიმდებარედ, ან თელავში.

კითხვაზე რომელია მათი მხრიდან მოთხოვნადი ლოკაციები, ვაჟა მებაღიშვილი პასუხობს: „უკვე ითხოვენ მიწებს რეგიონებში, კიდევ კარგი არსებობს კანონი, რომ უცხოელებზე არასასოფლო-სამეურნეო მიწის მიყიდვა არ შეიძლება. მათ უნდათ მიწები ქალაქთან ახლოს და სახლების აშენება. ისინი აქ გადმობარგებას აპირებენ. მოთხოვნაა თელავში, თბილისში".

მებაღიშვილის თქმით, მოთხოვნა ამჟამად მათი მხრიდან ბიუჯეტურ - 700-დან 1200 დოლარამდე ღირებულების ბინებზეა, - "ხელშეკრულებები, რომლებსაც მათთან ვაფორმებთ, ძირითადად ერთ წლამდეა. ისინი აღნიშნავენ, რომ თუ რუსეთში სიტუაცია დასტაბილურდება, აპირებენ უკან დაბრუნებას.

რაც შეეხება ფასებს, "თიბისი კაპიტალის" კვლევით, მაჩვენებლები წინა წლის მონაცემებთან შედარებით 80%-ით არის გაზრდილი, არ ვეკამათები "თიბისი კაპიტალს", ზრდა ძალიან მაღალია“.
 
მებაღიშვილი ბინების გამქირავებლებს მიმართავს, ქირავნობის შეთანხმება არა ზეპირსიტყვიერად, არამედ კონტრაქტით გააფორმონ. 

„რუსეთში მობილიზაცია გამოცხადდა, ადამიანები შემოდიან ჩვენს ქვეყანაში. არ აქვთ არანაირი ფინანსური წყარო. მინდა გავაფრთხილო მესაკუთრეები, თუ ვსაუბრობთ ქონებაზე, როგორც ბიზნესზე, მისასალმებელია გაქირავება, მაგრამ გააფორმონ ხელშეკრულება. ახლა იყო ერთი საქმე, უკმაყოფილო მომხმარებელი ამბობდა, რომ გაფორმებული იყო ზეპირი შეთანხმება, თურმე ეს არ მუშაობს და მესაკუთრე ცუდად მომექცაო. ანუ, კონტრაქტის გაფორმება არის საჭირო. ეს გამოადგება მესაკუთრეს საჭიროების შემთხვევაში, იურიდიულად. მივმართავ მესაკუთრეებს, დაიხმარეთ ბროკერები, მათ მეტი ცოდნა და პრაქტიკა აქვთ, დაცვის ხარისხიც უფრო მეტია“, - განაცხადა მებაღიშვილმა.

რაც შეეხება ტენდენციას, როგორც მან თქვა, ასოციაციამ შიდა მოხმარების კვლევა ჩაატარა და დადგინდა, რომ სერიოზული პრობლემაა გამოსახლება.

„ადრე არსებობდა საპოლიციო გამოსახლების წესი, რაც ახლა გაუქმებულია და კარგი იქნება თუ ისევ ამოქმედდება. ეს საკმაოდ სარგებლიანი და საჭირო კანონია. თუ ისევ ამოქმედდება პოლიციური გამოსახლების წესი, ძალიან დაეხმარება მესაკუთრეებს. რისკი შეიძლება იყოს არა მხოლოდ რუსეთის, არამედ სხვა სახელმწიფოების მიმართულებითაც“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები