მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უშაქრო" ახალი ფილიალის გახსნას გეგმავს

6377156a6cf31
თინათინ ნატმელაძე
21.11.22 09:33
810
"უშაქრო" ჯანსაღი, შაქრის გარეშე დამზადებული დესერტების წარმოებაა, რომელიც ბაზარზე ერთი წლის წინ გამოჩნდა. სტარტაპის მენეჯერის ლუკა აფციაურის თქმით, პროდუქციაზე მოთხოვნა იმდენად მზარდია, რომ მომავალი წლიდან "უშაქროს" ახალი ობიექტის გახსნა იგეგმება.

"უშაქროს" ახალი ობიექტის გახსნა მომდევნო წლიდან იგეგმება, თუმცა სტარტაპერი ჯერ ზუსტ დროსა და სხვა დეტალებზე ვერ საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ დღეს "უშაქრო" მომხარებელს ჯანსაღ, კეტომიმართულების, ვეგანურ და სამარხვო პროდუქციას აწვდის.

"წარმოება ერთი წლის წინ დავიწყეთ, ველოდით, რომ ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად 2-3 წელი მაინც დაგვჭირდებოდა, თუმცა რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა. მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ უახლოეს მომავალში ახალ ფილიალსაც გავხსნით. დღეს ჩვენი მაღაზია ყაზბეგის 30 ნომერში მუშაობს, სადაც დესერტები ადგილზევე მზადდება. ამასთან ჩვენი პროდუქცია "გუდვილსა" და Food&Market-შია წარმოგენილი.

იდეა სახლში დამზადებული დესერტებისგან გაჩნდა, მერე მივხვდით, საკამოდ საინტერესო პროდუქტი გამოდიოდა და შეიძლებოდა, ადამიანებისთვის ჯანსაღი პროდუქცია ისე მიგვეწოდებინა, რომ თან გემრიელიც ყოფილიყო. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დიაბეტისა და სხვა დაავადებების მქონე ადამიანებისთვისაა, ჩავატარეთ კვლევები, კონსულტაცია ენდოკრინოლოგებთანაც გავიარეთ - ასე მივიღეთ "უშაქრო", - განაცხადა ლუკა აფციაურმა.

წარმოებას თან გამოწვევებიც ახლდა, რომლის შესახებაც კომპანიის მენეჯერი BM.GE-სთან ყვება. მისი თქმით, განსაკუთრებით რთული მომხმარებლის ნდობის მოპოვება და მათი დარწმუნება იყო, რომ პროდუქცია ნამდვილად დანამატების გარეშე მზადდებოდა, თუმცა ესეც დაძლიეს და დღეს არაერთი ერთგული მომხმარებელი ჰყავთ. 

"უშაქროში" პროდუქციის ასორტიმენტი მუდმივად ახლდება. ლუკა აფციაური აღნიშნავს, რომ ამჟამადაც ახალი რეცეპტები დაამატეს, სამომავლოდ კი ჯემების, მურაბების, მიწის თხილის კარაქის და სხვადასხვა ტკბილეულის დამატებასაც გეგმავენ.

რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, "უშაქროს" მენეჯერი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროდუქციაზე ფასი მკვეთრად გაიზარდა, ისინი თავიანთ დესერტებზე საწყისი ფასის შენარჩუნებას ცდილობენ, ამჟამად მხოლოდ მინიმალური ფასნამატი აქვთ და პროდუქცია საშუალო სეგმენტზეა გათვლილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები