მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვცდილობთ ერთ ბაზარზე არ ვიყოთ დამოკიდებული, თუმცა პროდუქციის 50% რუსეთში გადის - "ასკანელი ძმები"

624bea2993a17
ინგა მურუსიძე
07.03.22 09:00
873
2021 წლის მონაცემებით, საქართველომ ღვინის ექსპორტით 239.2 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2020 წლის მაჩვენებელს ($210.3 მლნ) 13.8%-ით აღემატება. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოდან მსოფლიოს 62 ქვეყანაში ექსპორტირებულია 107 მილიონი ბოთლი ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აქვე აღსანიშნავია, რომ განხორციელებული ექსპორტის საერთო რაოდენობაში რუსეთის ბაზარზე ექსპორტის წილმა 57% შეადგინა.

Bm.ge-ს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ TOP-10 ექსპორტიორ კომპანიას შორის შპს „ასკანელი ძმები“ იკავებს. სწორედ აღნიშნულ კომპანიას ვესაუბრეთ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის და მიმდინარე მოვლენის გავლენებზე ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით.

კომპანიის ექსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლევან ოსეფაშვილი აცხადებს, რომ გასულ წელს კომპანიამ სულ 12.5 მლნ ბოთლი ალკოჰოლური სასმელი გაყიდა და მაჩვენებლის თითქმის ნახევარი სწორედ რუსულ ბაზარზე მოდის.

„ჩვენი სასმელი ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გადის - რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ბელორუსი, პოლონეთი. ღვინო სხვა ქვეყნებშიც გაგვაქვს, თუმცა ძირითადი ბაზრები სწორედ ეს ქვეყნები არიან. რაც შეეხება წილებს, მუდმივად ვცდილობთ მხოლოდ ერთ ბაზარზე არ ვიყოთ დამოკიდებული, თუმცა პროდუქციის 50%-ზე მეტი სწორედ რუსეთში გადის. გასულ წელს ჯამურად 12.5 მლნ ბოთლი ალკოჰოლური სასმელი გაიყიდა“, - განაცხადა ლევან ოსეფაშვილმა.

რაც შეეხება არსებული ვითარების გავლენას კომპანიაზე, ლევან ოსეფაშვილი ამბობს, რომ მიმდინარე წელს „ასკანელ ძმებს“ დაგეგმილი ჰქონდათ გაყიდვების გაზრდა 40-50%-ით, თუმცა სავარაუდოდ შექმნილი ვითარების გამო, დაკორექტირება მოუწევთ.

„ჯერჯერობით პარტნიორებთან რადიკალური ცვლილებები არ გვაქვს, თუმცა ის სანქციები, რაც დაუწესდა რუსეთს, მდგომარეობა, რაც უკრაინაშია, ამ ქვეყნების მსყიდველუნარიანობას მნიშვნელოვნად შეამცირებს. ჯერჯერობით ყველაფერი გარკვეული არ არის, ველოდებით, როგორ დალაგდება ანგარიშსწორების ფორმები, გადარიცხვები შეიზღუდება თუ არა და ა.შ. ამ ეტაპზე გარკვეული სიფრთხილით, თუმცა ვაგრძელებთ მუშაობას. არ მგონია, რომ მუშაობა შეწყდეს, თუმცა გეგმებში კორექტირება მოგვიწევს“, - განაცხადა ოსეფაშვილმა.

ექსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი საუბრობს იმაზეც, თუ რაშია პრობლემა და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქართული კომპანიების ძირითადი ნაწილი რუსეთის ბაზარზე არ იყოს „მიბმული“.

ოსეფაშვილის თქმით, ბაზარზე მიბმა კომპანიების რისკია, თუმცა კომპანიების რისკი საბოლოო ჯამში ქვეყნის რისკიც არის, ამიტომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო ჩართული არიან, რომ სხვადასახვა ბაზრებზე მარკეტინგული კამპანიები უფრო გააქტიურდეს, რომ ქართული ღვინის და ზოგადად, პროდუქციის ცნობადობა გაიზარდოს.

„ახლაც მაგალითად ამერიკაშია მარტში გამოფენა, გერმანიაშიც არის და ღვინის ასოციაცია ამას აფინანსებს. რისკებს ალბათ დიდი ხანია ყველა ვხედავდით. და როცა საუბარია ბაზრის დივერსიფიკაციაზე, თავიდანვე ვცდილობდით ამის გაკეთებას, უბრალოდ ბაზრის სპეციფიკაა, რომ რუსულ ბაზარზე მეტი მოთხოვნაა ჩვენს პროდუქციაზე. მუდმივად ვმუშაობთ იმაზე, რომ სხვა ბაზრებზეც მოხდეს უფრო აქცენტის გაკეთება, გაყიდვების გაზრდას ვცდილობთ სხვა ქვეყნებში, მაგრამ რაოდენობრივად რომ შევადაროთ, ქართული ღვინის ძირითადი მყიდველი ისევ რუსეთია. რთულია ვთქვათ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც შეცვლიდა ამ მდგომარეობას, მუდმივად როგორც კომპანიები, ისე სახელმწიფო ვმუშაობთ ამაზე, მაგრამ მაინც იმპორტიორები ნაკლებ ინტერესს იჩენენ ჩვენი ღვინის მიმართ სხვა ქვეყნებში. უფრო მეტი მუშაობაა საჭირო, მეტი ინვესტიცია გაყიდვებში, რომ გარკვეული შედეგი დაიდოს.

რუსეთში ძირითადი მოთხოვნა არის უფრო დაბალი კლასის ღვინოებზე. ვერ ვიტყვი, რომ ხარისხობრივად განსხვავებულია სხვა ბაზრისგან, თუმცა რუსეთში საკმაოდ იაფფასიანი პროდუქცია უნდათ და ყოველთვის ამაზე აკეთებენ აქცენტს. მაგრამ ხარისხობრივად ჩვენ ბაზრებისთვის არ ვასხვავებთ პროდუქციას. ვამზადებთ ერთი ხარისხით, უბრალოდ სეგმენტია განსხვავებული, შედარებით ძვირიანი და შედარებით იაფიანი ღვინოები“, - ამბობს ოსეფაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები