მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვმუშაობთ პროფესიული პროგრამების დანერგვაზე, შერჩეულია 7 პრიორიტეტი"- განათლების მინისტრი

64aa7b392acdd
ლიკა მეგუთნიშვილი
09.07.23 14:20
701
ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კი პანდემიის შემდეგ, კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტი ბიზნესისთვის ერთ-ერთ მწვავე პრობლემად იქცა. 

კერძო სექტორის წარმომადგენლები პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ მთავარ გზად ქვეყანაში პროფესიული განათლების როლის ზრდას მოიაზრებენ.

ამ აზრს იზიარებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიც. როგორც გიორგი ამილახვარი აღნიშნავს, პროფესიული განათლება დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ამიტომ სამინისტრო კერძო სექტორთან თანამშრომლობით იმ პროფესიული პროგრამების შექმნას გეგმავს, რომელიც შრომის ბაზარზე დღეს ყველაზე მოთხოვნადია.

„დღეს მთავარი გამოწვევა არის დამსაქმებლებისა და კერძო სექტორის ჩართულობა პროფესიულ განათლებაში. სწორედ ამიტომ, ახლა სამინისტროში მუშავდება კონცეფცია, რის მიხედვითაც, სახელმწიფო უშუალოდ კერძო სექტორთან, კერძო დამსაქმებლებთან ერთად დაიწყებს პროფესიული განათლების ხელშეწყობას და პროფესიული პროგრამების შემუშავებასა და დანერგვას უზრუნველყოფს. ეს პროგრამები მოამზადებს იმ კადრებს, ვინც დღეს შრომის ბაზარსა და დამსაქმებლებს სჭირდება“, - აცხადებს გიორგი ამილახვარი.

მინისტრის თქმით, კონცეფციის საჯარო პრეზენტაცია სავარაუდოდ ორ თვეში გაიმართება. აღსანიშნავია ისიც, რომ პროგრამის ფარგლებში სამინისტრო რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებასაც გამოყოფს.

„უახლოეს მომავალში, არაუგვიანეს სექტემბერში ამ კონცეფციის საჯარო პრეზენტაციას ვგეგმავთ. შერჩეული გვაქვს ის შვიდი პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც დღეს შრომის ბაზარზე ყველაზე დეფიციტური და მოთხოვნადია“, - განაცხადა მინისტრმა.

BMG-ს კითხვაზე, რომელი შვიდი მიმართულება გამოყო სამინისტრომ პრიორიტეტად, ამილახვარმა პასუხისგან თავი შეიკავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები